ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო’ბრაიენის მთავარმა მოადგილემ, იური კიმმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ის გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ რუსული კანონის მიღებას, შეერთებული შტატების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობების დათბობას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„დემოკრატიულ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, აქვთ პასუხისმგებლობა მოუსმინონ თავიანთ ხალხს. მათი ხალხი თანმიმდევრული და აბსოლუტური იყო იმაში, რომ სურთ ევროპასთან ყოფნა - არა მხოლოდ ეკონომიკური ინტეგრაციის, არამედ ინსტიტუციური კულტურული ფასეულობებისა და მართვის თვალსაზრისით. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ უცხოელ აგენტებზე კანონი, რომელიც ქართველებმა ახლახან მიიღეს, არის ზუსტად არასწორი საქციელი. ჩვენ ვსაუბრობთ კანონზე, რომელიც არსებითად ახდენს იმის იმიტაციას, რასაც კრემლი... ეს ძალიან ცუდი კანონია“, - განაცხადა იური კიმმა.
დიპლომატის თქმით, საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები „გულსატკენია“, რადგან საქართველო ოდესღაც რეგიონში ფავორიტი - „ოქროს შვილი“ იყო. „ახლა გვაქვს სიტუაცია, როდესაც ჩვენი სიახლოვე და კავშირი ქართველ ხალხთან ისეთივე მჭიდროა, როგორც ადრე, მაგრამ „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობა ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ გვსურს, თუნდაც ძალიან ვეცადოთ“. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თქმით, ამის ნაწილია ისიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიზანიმართულად გაავრცელა „ყალბი ინფორმაციაა“ [fake news]:
„როცა ამტკიცებ, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა - ეს ყალბი ინფორმაციაა! როცა ამტკიცებ, რომ ამერიკის ელჩი, ამერიკის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, რატომღაც აწარმოებს თაღლითურ ოპერაციას, რათა განახორციელოს გადატრიალება ისეთი მეგობარი ქვეყნის არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორიც საქართველოა - ისევ ყალბი ინფორმაციაა! როცა ამტკიცებ, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც სურს საქართველოს ზიანი მიაყენოს - ყალბი ინფორმაციაა!“
იური კიმის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა ორმაგ თამაშს ვერ ითამაშებს: „არ შეგიძლიათ თქვათ, რომ წარმოადგენთ თქვენს ხალხს და გინდათ მომავალი ევროპაში, ძლიერი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და შემდეგ აკეთოთ ის, რაზეც თქვენმა ხალხმა და თქვენმა მეგობრებმა მიგითითეს, რომ არის ზუსტად ის, რასაც აკეთებს რუსეთი და რაც რუსეთს სურს. ეს სიგიჟეა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“.
კიმმა ასევე ისაუბრა ჩინეთთან და რუსეთთან საქართველოს მთავრობის მზარდ თბილ ურთიერთობებზე. „არ ვარ დარწმუნებული, ნამდვილად გონივრული იყოს მეგობრობა იმ ქვეყანასთან, რომელიც თქვენს სუვერენულ ტერიტორიას იკავებს“, - თქვა მან რუსეთთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას, იური კიმმა განაცხადა:
„გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ არსებობს უამრავი ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტექნოლოგიას, სესხებს, ვალის ხაფანგებს, თავის მონაწილეობას ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რათა შექმნას დამოკიდებულება, რომლებიც საბოლოოდ სარგებელს არ მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას და, ფაქტობრივად, ავნებს მათ. ჰკითხეთ მონტენეგროს ხალხს, როგორი იყო ვალის ხაფანგში მოხვედრა. ჰკითხეთ შრი ლანკას. ეს სია გრძელია. ჰკითხეთ მეზობლებს რეგიონში, როგორია მჭიდრო ურთიერთობის ქონა ჩინეთთან“.
აზერბაიჯანული გამოცემა Turan-ის ვაშინგტონის კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, იური კიმმა განცხადებები ვაშინგტონში, „კარნეგის ფონდის“ ღონისძიებაზე გააკეთა.