„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები თბილისში მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს არ შეხვდებიან. კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბერსეს ვიზიტს „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული მიზნით იყენებს და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, „თითქოს ვინმე ევროპაში აღიარებს მათ ლეგიტიმურობას“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 4 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
კოალიციაში შემავალი პარტია „დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია შეცდომად მიიჩნევს იმას, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, რომლის მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია, პოლიტპატიმრებს არ ხვდება და ციხეში არ შედის. ალენ ბერსეს ამის გამო „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც აკრიტიკებს.
„ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელი, ვინც დღეს ჩამოდის ამ ქვეყანაში: ა) უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს და ისმენდეს მათ ისტორიებს; ბ) უნდა შედიოდეს ციხეზე, ნახულობდეს პოლიტიკურ პატიმრებს და ისმენდეს მათ ისტორიებს; გ) საღამოს უნდა გადიოდეს ერთხელ მაინც რუსთაველზე და ესაუბრებოდეს იქ ყინვაში მდგომ ადამიანებს. მით უმეტეს, როცა რამდენიმე დღით ხარ ჩამოსული და ეს არ არის 2-3 საათიანი ვიზიტი“, - დაწერა ჯაფარიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში.
ალენ ბერსე ოპოზიციურ პარტიებს ცალ-ცალკე ხვდება. მან დღეს შეხვედრები უკვე გამართა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებთან.
„ეს არ არის ვიზიტი, რომელიც შეეხება არჩევნების ან ხელისუფლების ლეგიტიმაციას. მე ვფიქრობ, რომ თავად ბატონი ბერსეც ამას ღიად იტყვის“, - თქვა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე დააყენეს აქციების დროს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი.
„ისინი აქ არიან იმის გამო, რომ საქართველო 25 წელია ევროპული საბჭოს წევრია და უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი, არა იმისთვის, რის პროპაგანდასაც „ქართული ოცნება“ ეწევა, თითქოს, მათი ლეგიტიმაცია მოხდა. პირდაპირ, ხაზგასმით ითქვა, რომ ისინი აქ არიან იმიტომ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები იწვევს უზარმაზარ შეშფოთებას“, - განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში 18 დეკემბერს ჩამოვიდა და უკვე შეხვდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, არალეგიტიმურ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ასევე, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს. დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქო სექტორთანაც.
ალენ ბერსესთან ერთად თბილისში იმყოფებიან ადამიანის უფლებათა და სამართლის უზენაესობის, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატების ხელმძღვანელები.