საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ეწვია

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. მასთან ერთად თბილისში ჩამოვიდნენ ადამიანის უფლებათა და სამართლის უზენაესობის, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატების ხელმძღვანელები.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, ალენ ბერსე მიესალმება ოპოზიციის ლიდერების, ნიკა გვარამიასა ალექსანდრე ელისაშვილის გათავისუფლებას. ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი მათ, ასევე, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.

ვიზიტის შესახებ ინფორმაცია საქართველის არალეგიტიმური მთავრობის ადმინისტრაციამაც გაავრცელა. ადმინისტრაციის თანახმად, „ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან, არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან“.

ევროპის საბჭოს განცხადებით, ვიზიტი იმართება პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობის პირობებში, რომელსაც თან ახლავს პოლიტიკური დისკურსის უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირებში მომხდარი ძალადობის ფაქტები.

„ვიზიტის მიზანია, უზრუნველყოს ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისთვის აუცილებელი პირობები, ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით.

საქართველო, რომელიც 1999 წლიდან ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოა, ვალდებულია, პატივი სცეს ორგანიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებს: დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლის უზენაესობას.

ეს პრინციპები, რომლებიც ევროპის საბჭოს წესდებასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაშია (ECHR) ჩამოყალიბებული, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. გენერალურმა მდივანმა ისარგებლა შესაძლებლობით, ეს გზავნილი მკაფიოდ გაემეორებინა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან გამართულ სატელეფონო საუბრებისას.

ამ დაძაბულ და შემაშფოთებელ კონტექსტში, ევროპის საბჭო ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაციისგან. ასევე, უხმობს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციულ გამოყენებისგან და პატივი სცეს ძირითად თავისუფლებებს, განსაკუთრებით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ეს პრინციპები აუცილებელია ქვეყნის სტაბილურობისთვის და საქართველოს ხალხის მოლოდინების დასაკმაყოფილებლად“, - ვკითხულობთ ევროპის საბჭოს განცხადებაში.

ევროპის საბჭო აღნიშნავს, რომ 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების ხელშეწყობას და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. ევროპის საბჭო მზად არის, ეს მხარდაჭერა ადგილზე არსებულ რეალობას მოარგოს და ამავე დროს აქტიურად ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოებასთან.

ალენ ბერსეს ვიზიტი საქართველოში 21 დეკემბერს დასრულდება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.