კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 64-ვე მუნიციპალიტეტში „დიდი უპირატესობით“ მოგებას გეგმავს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის არჩევნების მოგება, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება.

აქედანვე შემიძლია გითხრათ, სრული სიმტკიცითა და თავდაჯერებულობით, რომ ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში აუცილებლად მოვიგებთ, როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს, დიდი უპირატესობით“, - თქვა კობახიძემ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ოპოზიციის ნაწილმა უკვე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, „აუცილებელია ახალი, სამართლიანი თამაშის წესები“.

„ერთხელ უკვე აქვთ მსგავსი რამ გაკეთებული, როდესაც, მათ შორის, ხელმოწერებით აცხადებდნენ, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში, მაგრამ ბოლოს შევიდნენ, ოთხი წლის წინანდელ მოვლენებს ვიხსენებ. აქაც ამბობენ, რომ არ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ესეც აქვთ გაცხადებული. აქაც რასაც ეტყვით პატრონი, იმას გააკეთებენ, მაგრამ შეიძლება, მათთვისაც არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები. ამდენ ხანს რომ ამტკიცებ, რომ არალეგიტიმურია პრეზიდენტიც და პრემიერიც, ამ ორი ადამიანის მიერ დანიშნულ არჩევნებში რომ მიიღო მონაწილეობა, ასეთი რამ შეიძლება, მათაც კი გაუჭირდეთ, უკიდურესი უპრინციპობის მიუხედავად. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის არჩევნების მოგება, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება და“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა.

„ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშნა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან არც ერთი აღიარებს. ოპოზიციის, ისევე როგორც ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, რომელიც თავს სახელმწიფოს ლეგიტიმურ მეთაურად მიიჩნევს, მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებაა.

სამ თვეზე მეტია, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

 

ამ თემაზე:

ევროსაბჭოს კონგრესი: თუ გარემო არ შეიცვლება, ადგილობრივი არჩევნები უნდა გადაიდოს

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.