ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ბიურო საქართველოში შექმნილ „საგანგებო სიტუაციასთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილების გარეშე, 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გადაიდოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 4 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
კონგრესი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სრულად სცეს პატივი ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ევროპულ სტანდარტებს, გზა გაუხსნას თავისუფალ და სამართლიან ხელახალ არჩევნებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, სამართლიანად მოეპყროს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის, ადგილობრივ დონეზე არჩეულ წარმომადგენლებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კონგრესის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი 3-4 თებერვალს საქართველოში იმყოფებოდნენ.
„ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ და წინა განცხადებებზე დაყრდნობით, ბიურო ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები უკიდურესი პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის, რომელიც აზიანებს ქვეყანას, მოსაგვარებლად. მათ უნდა უზრუნველყონ სამართალდამცავი უწყებების, სასამართლო სისტემის და ყველა საჯარო დაწესებულების დამოუკიდებლობა.
ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე საჯარო მოხელეები თანამდებობიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური მიზეზების გამო. ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს.
ანალოგიურად, ყველას უნდა მიეცეს საშუალება, გამოიყენოს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დემოკრატიული უფლებები“, - ნათქვამია ევროსაბჭოს კონგრესიოს ბიუროს განცხადებაში.
კონგრესი მიიჩნევს, რომ ისინი, ვინც ამჟამად დაკავებულები არიან ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში არაძალადობრივი მონაწილეობისთვის, უნდა გათავისუფლდნენ. კონგრესი ითხოვს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებასაც, რომლის მიმართაც განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს თავისი პოზიცია და მკაფიოდ გამოხატოს ოპოზიციასთან ჭეშმარიტი, ღია და კონსტრუქციული დიალოგისადმი თავისი ვალდებულება. დემოკრატიულ ნორმებთან და სტანდარტებთან დაბრუნებამ უნდა უზრუნველყოს ნდობა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ოპოზიციას ურთიერთობა ჰქონდეს ხელისუფლებასთან და დაასულოს ბოიკოტი.
თავის მხრივ, ამან უნდა გაუხსნას გზა ევროპულ სტანდარტებზე და საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციებზე დაფუძნებულ ახალ ეროვნულ არჩევნებს, განსაკუთრებით 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შემდეგ და ასევე ხელი შეუწყოს წინსვლას თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნებისკენ.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან საარჩევნო კოდექსში ბოლო ცვლილებების შესახებ კონგრესის მიერ მოთხოვნილ მოსაზრებაზე.
შემდეგი ადგილობრივი არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. არსებულ პირობებში მათი ჩატარება სიტუაციის გაუარესების რისკს შეიცავს. ამიტომ, პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილებების გარეშე, ეს არჩევნები უნდა გადაიდოს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
25-27 მარტს, კონგრესის მომდევნო სესიაზე, საქართველოს შესახებ დებატების გამართვაა დაგეგმილი.
![საქართველოს ამბები](/images/a2.png#joomlaImage://local-images/a2.png?width=80&height=80)