საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსულ კანონზე საუბრის დროს, ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა. კერძოდ, კობახიძის თქმით, მას უხსენეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა.
კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.
როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან „წინასწარი ინფორმაციით“ იკვეთება „ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული“.
„პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი“, - ამბობს კობახიძე.
ევროკომისიაში 27 კომისარია. ისინი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წარმოადგენენ და კონკრეტულ სფეროებზე არიან პასუხისმგებლები. უცნობია, რომელ ევროკომისარს ადანაშაულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მუქარაში.
