„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჭიათურელი მაღაროელების სამკვირიან უწყვეტ პროტესტს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ „გამოსავალი გამოიძებნება“. კობახიძის თქმით, „პრინციპულად არასწორია“, კერძო საწარმო სახელმწიფომ „წამოიღოს“. საკითხის მოგვარებაში მთავრობის მონაწილეობა და წარმოების ნაციონალიზაცია მაღაროელების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
- 6 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
„ზოგადად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქის, განსაკუთრებით მშრომელი თანამოქალაქის, ბუნებრივია, ინტერესები. როდესაც გაკოტრებაზე აქვს შეტანილი კომპანიას სასამართლოში, გაკოტრება ნიშნავს იმას, რომ 3 ათასზე მეტი ადამიანი რჩება სამსახურის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე უარყოფითი განვითარება მოვლენების, რაც შეიძლება, წარმოვიდგინოთ. ზოგადად, სახელმწიფომ რომ წამოიღოს კერძო საწარმო, ეს პრინციპულად არასწორია. არ ვიცი, იმედია, გამოსავალი გამოიძებნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებლთან ვრცელი ინტერვიუს მიწურულს.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა ინვესტორი კომპანიის არგუმენტები და თქვა, რომ მანგანუმის მოპოვება არამომგებიანი გახდა.
„რთული საკითხია, ანუ არის აქ გლობალური პრობლემა. პროდუქციაზე ფასები არის სერიოზულად დაცემული, რის გამოც რენტაბელობა დაკარგა საწარმომ და ამ ფონზე, რამდენიმე თვის განმავლობაში გასცემენ ხელფასებს, 60%-იან ხელფასებს ისე, რომ რეალურად მაღაროები აღარ მუშაობს, ანუ რთული ვითარებაა.
რა თქმა უნდა, რთულია, კერძო ბიზნესს მოსთხოვო, საწარმოს მუშაობის გარეშე ხელფასების გადახდა. ამას აკეთებდნენ სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, თუმცა მუდმივად ამას ვერ გააგრძელებ.
რა თქმა უნდა, დღესაც გაიმართა შეკრება, ე.წ. სამმხრივი ფორმატი, სადაც განხილულ იქნა ეს საკითხი დღეს, მე ალბათ მექნება უკვე კომუნიკაცია, დავინტერესდები რაზე იყო მსჯელობა, ვნახოთ.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა არ დაკარგონ შემოსავალი, არ დაკარგონ სამსახური, არ გაუარესდეს სოციალური მდგომარეობა. ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა გამოვავლინოთ. დანარჩენი დეტალებზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა კობახიძემ.
7 მარტს, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ განაცხადა, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოების განახლებას აღარ აპირებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად კომპანიამ დაასახელა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი და აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მანგანუმის „მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად წამგებიანია“.
ამასთან, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ ამტკიცებს, რომ გადახდისუუნაროა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების განცხადებით მიმართა. პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, 19 მარტს სასამართლომ კომპანის განცხადებაზე ხარვეზი დაადგინა და სხვა საკითხებთან ერთად მიუთითა, რომ კომპანია ვერ ასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნა აშკარად არ ეწინააღმდეგება კრედიტორთა ინტერესებს.
ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები გასული წლის ნოემბრიდან შეჩერებულია. მაშინ თანამშრომლებს, დაახლოებით 3500 ადამიანს, დაჰპირდნენ, რომ მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში, თებერვლის ჩათვლით, ხელფასის 60%-ს გადაუხდიდნენ, მარტიდან კი საწარმო მუშაობას გააგრძელებდა.
მაღაროელები 28 თებერვლიდან საპროტესტო აქციას მართავენ შემდეგი მოთხოვნებით: იანვრისა და თებერვლის ხელფასების ჩარიცხვა; საწარმოს ნაციონალიზაცია და წარმოების განახლება წესების დაცვით; ადგილობრივების მიერ ფონდის შექმნა და საწარმოს აქციების 5%-ის გადაცემა ამ ფონდისთვის, რომელიც მიღებულ თანხას ჭიათურის განვითრებას მოახმარს.
