„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოების განახლებას აღარ აპირებს

„ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება“, - ამის შესახებ განცხადება 7 მარტს, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ გაავრცელა. გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი და აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მანგანუმის „მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად წამგებიანია“. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ბოლო წლის განმავლობაში საწარმოების ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად  დამძიმდა მოსახლეობის მხრიდან მაღაროების პარალიზების გამო. გაჩერებული საწარმოების პირობებშიც კი გვიწევდა თანამშრომლებისთვის ხელფასის 100% გადაგვეხადა. ამ დროის განმავლობაში  ხელფასებს ვიხდიდით მოძიებული სესხებით,  ეს თანხა ჯამში 83 მილიონამდე ლარს შეადგენს. სწორედ ამ ყველაფერმა მიგვიყვანა კოლოსალურ ზარალამდე, რასაც დაემატა ის, რომ ბანკებმა ახალი სესხების გაცემაზე უკვე უარი გვითხრეს. ეს გახდა მთავარი ფაქტორი, რის გამოც ხელფასების გაცემა ვერ მოვახერხეთ.

მინდა განვმარტო, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ პასუხისმგებელი იყო ჭიათურის საწარმოების მართვაზე და მოპოვების თვითღირებულების შემცირებაზე. ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენი მხრიდან ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მცდელობას თან დაერთო სოციალური წინააღმდეგობა და შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რის გამოც გასული წლის ნოემბრიდან წარმოების სრული გაჩერება მოგვიწია“, - განაცხადა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ დირექტორმა, მაქსიმ მაზურენკომ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჭიათურის საბადოებში ტექნიკური გეოლოგიური და ფინანსური მონაცემები გერმანულმა საკონსულტაციო კომპანიამ, DMT GmbH & Co. KG-მ შეისწავლა.

„DMT-ის დასკვნით დასტურდება, რომ მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად წამგებიანია, რაც გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით:

  1. მადნის დაბალი ხარისხი და აქედან გამომდინარე, გადამუშავების შედეგების დაბალი ეფექტიანობა;
  2. მანგანუმის კონცენტრატის ფასების სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა;
  3. შრომით ბაზარზე და ხარჯვით მასალებზე ფასების ზრდის პირობებში ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები (OPEX), განსაკუთრებით გადამუშავებისა და მიწისქვეშა მოპოვების კუთხით;
  4. ინვესტიციების განხორციელება არაეფექტიანია“.

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დასაქმებულთათვის კომპენსაციების გასაცემად ფულადი სახსრები აქვთ მოსაძიებელი.

„დეტალებთან დაკავშირებით თანამშრომლებს კომპანიისგან დამატებით  ეცნობებათ. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,  კომპანია აქტიურად არის ჩართული დაინტერესებულ მხარეებთან, რათა შეიმუშაოს სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული განვითარების ალტერნატიული გზების ძიებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

„ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული მაღაროელები 28 თებერვლიდან ჭიათურაში აქციებს მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, ინვესტორს ჩამოერთვას მანგანუმის მოპოვების ლიცენზია და საწარმო სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდეს.

პროტესტი კომპანიის მხრიდან შეთანხმებული პირობების კიდევ ერთხელ დარღვევას და ხელფასის ჩარიცხვის დაგვიანებას მოჰყვა. ჭიათურაში ყველა მაღაროს მუშაობა 2024 წლის 1-ელი ნოემბრიდან შეჩერებულია. ამ ხნის განმავლობაში დასაქმებულები ხელფასის მხოლოდ 60%-ს იღებდნენ.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის მუნიციპალიტეტში 16 430 ჰექტარზე მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას 2006 წლის 19 დეკემბრიდან, 40 წლის ვადით ფლობს.

მას შემდეგ, რაც მოპოვებითი სამუშაოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, მაღაროელებმა ჭიათურელებს მოუწოდეს, 8 მარტიდან, დილიდან, მაღაროები დაიცვან.

„ის ქონება, რაც ჩვენი ხელით და შრომითაა შეძენილი, აუცილებლად დარჩება ჭიათურას და ჭიათურლებს. აუცილებლად დაგვრჩება მაღაროელებს და თუ ვიღაც CMC ჯგუფისთვის [„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“] მაღარო წამგებიანია, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ეს მომგებიანია. ეს ყველაფერი რომ შევძლოთ, ამას სჭირდება ბრძოლა. ერთი წურბელა კომპანიის წასვლა არ ნიშნავს გამარჯვებას. ყველა უნდა გამოვცხადდეთ ხვალიდან, უნდა გავმართოთ მორიგეობა ყველა ობიექტზე. ერთი დეტალი, არც რკინა, არც ტექნიკა არ უნდა იყოს ობიექტიდან გამოსული. უნდა გავუფრთხილდეთ მაღაროებს, არ უნდა დავაზიანოთ, არ უნდა გავძარცვოთ. ხვალ-ზეგ, უფლის წყალობით რომ გავიმარჯვებთ, მაღაროებმა უნდა გადაარჩინოს ჭიათურა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა, ტარიელ მიქაცაძემ. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.