საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები მოიხსენია „რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებად“, რომლებსაც ხვალ და ზეგ, პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ „ძალადობრივი ქმედებები“ აქვთ გაგეგმილი. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„მინდა ვთხოვო სამართალდამცავებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე და შეურაცხყოფაზე რეაგირებისას, იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით.
მინდა, გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის თითოეული წარმომადგენელი, ვისაც ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვს ძალადობა, რომ მათი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი და, დიდი ალბათობით, ვერც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალებას ვეღარ დაექვემდებარება“, - განაცხადა პრემიერმა დღეს, 12 მაისს, გამართულ ბრიფინგზე.
პარლამენტი რუსულ კანონს ხვალ და ზეგ მიიღებს, რითაც, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული საზოგადოების ნებას „აღასრულებს“. როგორც პრემიერმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის 61% კანონის მიღებას მხარს უჭერს. მან არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, როდის და რომელმა ორგანიზაციამ ჩაატარა აღნიშნული კვლევა:
„ეს არის ერთ-ერთი მაღალი, ასე ვთქვათ, კვალიფიკაციით გამორჩეული გუნდისგან შემდგარი ორგანიზაცია. 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, უშუალოდ კანონთან დაკავშირებით დაისვა კითხვა - ზუსტად 61% დაფიქსირდა მხარდაჭერა“.
ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ მმართველ პარტიას „შანტაჟი, მუქარა“ უკან ვერ დაახევინებს.
„სანქციები არ არის სერიოზული თემა და შეუძლებელია ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება და ქართული საზოგადოება. ქართულ საზოგადოებას იმდენი რამ აქვს გამოვლილი გასული 30 წლის განმვალობაში, რომ მისი დაშანტაჟება არის აბსოლუტურად შეუძლებელი.
რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი მაგალითი ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან, პარტიის დამფუძნებლისგან, რომელმაც დასავლეთს მიანდო 2 მილიარდი დოლარი, რომელსაც გაუყინეს ეს 2 მილიარდი დოლარი და შესაბამისად, არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ დე ფაქტო სანქციას არ უმოქმედია მის გადაწყვეტილებებზე.
როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს, სახელმწიფო ინტერესებს, რა თქმა უნდა ვერანაირი შანტაჟი, ვერანაირი მუქარა უკან ვერ დაგვახევინებს. თქვენ იცით, როგორია საქართველოს ისტორია. ამ ქვეყანაში 3000 წლის მანძილზე ადამიანები თავს სწირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი სუვერენიტეტისთვის. როდესაც ასეთ დროს ვიღაც შანტაჟით ცდილობს შენს გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება. მგონი, ვერ იცნობენ, არ იცნობენ ქართველებს და შეიძლება შორიდან სხვანაირად ჩანს ქართველის ბუნება“, - აღნიშნა კობახიძემ, რომელსაც იმედი აქვს, რომ ო’ბრაიენის ვიზიტის დროს საუბარი იქნება საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების დაახლოებაზე და არა „ხელოვნურად დაშორებაზე“.
საპროტესტო აქცია პარლამენტთან 12 მაისს, საღამოს 10 საათზე განახლდება. დემონსტრანტები ღამის გათენებას აპირებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში რუსული კანონის განხილვა დილის 09:00 საათზე დაიწყება.