ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი 14 მაისს თბილისში ჩამოვა. მისი ვიზიტი ემთხვევა საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მესამე, საბოლოო მოსმენით განხილვას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 4 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
- 5 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 6 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ო’ბრაიენი საქართველოში შეხვდება მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რათა გამოხატოს აშშ-ის მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს სურვილისადმი, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ.
ო’ბრაიენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს 11 მაისს X-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია იმ ადამიანებზე ძალადობით, რომლებიც „კრემლით შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონს“ ეწინააღმდეგებიან.
„ჩვენ ამას ვგმობთ. ქვეყანა, რომელსაც განზრახული აქვს იმოძრაოს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციებისკენ, ჩაატარებდა სრულ, დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებას“, - დაწერა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
უფრო ადრე ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ „კრემლით შთაგონებული“ კანონს უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე.
13 მაისის კვირაში პარლამენტში „ქართული ოცნების“ რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვაა დაგეგმილი. მმართველი პარტია აპირებს, კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მიიღოს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, 14-დან 28 მაისამდე პერიოდში, ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია კანონთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდეს. ჟურნალისტის შეკითხვას არის თუ არა „ქართული ოცნება“ მზად, კანონპროექტში ცვლილებები შეიტანოს, კობახიძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა. ისე რა აზრი აქვს დისკუსიას. მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და ამის გაზიარებაზეა საუბარი“.
29 კონგრესმენი კობახიძეს მოუწოდებს, „მავნე კანონი“ უკან გაიწვიოს. საქართველოს მთავრობის მეთაურისადმი გაგზავნილ წერილში ამერიკელი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუერთდებიან სენატორების ინიციატივას, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ცვლილების წახალისებას, მათ შორის, ფინანსური დახმარების გადახედვას, სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას იმ ადამიანებზე, ვინც პასუხისმგებლები არიან „საქართველოს დემოკრატიული განვითარების ძირის გამოთხრისთვის“.
„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 150-ზე მეტმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ „ღირსების შემლახავ რეესტრში“არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან.