ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა, სადაც სენატორები წერენ, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, იძულებული გახდებიან, საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკის შეცვლა წაახალისონ. „ამერიკის ხმა“, რომელმაც წერილი მოიპოვა, წერს, რომ პოლიტიკის ცვლილებაში სენატორები რამდენიმე ფაქტორს მოიაზრებენ, მათ შორისაა ინდივიდუალური სანქციების დაწესება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა და სავიზო შეზღუდვების გაფართოება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
14 სენატორი პრემიერ კობახიძეს სწერს, რომ რუსული კანონი „საქართველოს უახლოეს პარტნიორებს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შერაცხავს, როგორც მავნე აქტორებს. ასეთი ცვლილება განაპირობებს შეიცვალოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ასახოს საქართველოს პოლიტიკის ახალი მდგომარეობა.
ევროკავშირის არაერთი მაღალჩინოსნის მსგავსად, სენატორები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის სამიზნე სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედიაა, რომლებიც „ქართული დემოკრატიის სასიცოცხლო არტერიაა“. ამასთან, კანონპროექტი შეერთებული შტატებისა და ევროპის მხარდაჭერის წინააღმდეგაა მიმართული, საქართველოს იმ პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებმაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული გარდაქმნების მხარდასაჭერად 1991 წლის შემდეგ.
„ჩვენ, როგორც კონგრესის წევრები, რომელთაც ღრმა პატივისცემა გვაქვს ქართველი ხალხის მიმართ და ყოველთვის ვიყავით მძლავრი ორპარტიული და თქვენს ქვეყანასთან ორმხრივი კავშირების უპირველესი მხარდამჭერები, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან.
თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ჩვენ იძულებული გავხდებით, წავახალისოთ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებაზე ან მისი ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიის შეზღუდვაზე, შეერთებული შტატების პირდაპირი ფინანსური დახმარების გადახედვა და შეერთებულ შტატებში სავიზო აკრძალვების გაფართოება“, - აცხადებენ სენატორები.
სენატორები უარყოფენ „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომ გამჭვირვალობის კანონი ამერიკული უცხოური გავლენის აგენტების აქტის, FARA-ს მსგავსია:
„ჩვენ ასევე უნდა განვაცხადოთ, რომ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონი არ ასახავს შეერთებული შტატების არცერთ კანონს და ის გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაჩუმებლად, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. მოგეხსენებათ, სიტყვის თავისუფლება შეიძლება არასასიამოვნო იყოს ნებისმიერი მმართველი პარტიისთვის, თუმცა უთანხმოების და აზრის საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა არის ის, რაც დემოკრატიას აძლიერებს და სიმტკიცეს მატებს“.
წერილის ბოლოს სენატორები პირობას დებენ, რომ არასდროს მიატოვებენ „ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომელმაც საკუთარი ხმა დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, ხმამაღლა და მკაფიოდ ყველას გააგონა“. მათი თქმით, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება ორმხრივ ინტერესებსა და საერთო ღირებულებებს და თითოეული მათგანი ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მტკიცე მხარდამჭერია. თუმცა, ისინი ასევე ამბობენ, რომ ურთიერთობა ამ მიმართულებით „ვერ გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ეს კანონპროექტი უკან არ იქნება გაწვეული“.
წერილში სენატორები წერენ, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მისი მოქალაქეების უდიდესი ნაწილის სურვილი, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ დაწინაურდეს, რადგან ამ კანონის მიღება, როგორც ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივაზე, ეს კი მთავრობის მიერ საკუთარი კონსტუტიციის უგულებელყოფა იქნება.
სენატორების განცხადებით, ისინი აცნობიერებენ საქართველოს წინაშე არსებულ რუსულ საფრთხეებს და ამერიკა როგორც წარსულში, ისე მომავალშიც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის უფლებას, დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და თავი გაითავისუფლოს რუსეთისგან, რომელიც საქართველოში ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ფართომასშტაბიანი მავნე გავლენა აქვს საზოგადოებაზე ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ორპარტიული წერილის გაგზავნას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყველაზე მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯეიმს რიში ხელმძღვანელობდნენ. მათ გარდა წერილს ხელს აწერენ სენატორები - ბენ კარდინი, ლინდსი გრემი, კრის კუნსი, პიტ რიკეტსი, რიჩარდ დურბინი, როჯერ უიკერი, რიჩარდ ბლუმენთალი, ტომ ტილისი, ტიმ კეინი, დენ სალივანი, შელდონ უაითჰაუსი და მარტინ ჰაინრიხი.
სენატორების წერილამდე ერთი დღით ადრე, წარმომადგენელთა პალატის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობა თავხედურად უტევს თავისი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. კონგრესმენები „ქართულ ოცნებას“ კანონის უკან გაწვევას და „დესტრუქციული გზიდან გადახვევისკენ“ მოუწოდებენ.