ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრები - ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო ვილსონი და კომისიის წევრი, დემოკრატი სტივ კოენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი თქვას „უცხოური აგენტების“ შესახებ რუსული სტილის კანონპროექტზე. მათი განცხადებით, საქართველომ უნდა გადაუხვიოს დესტრუქციულ გზას და დაუბრუნდეს ლიბერალურ დემოკრატიულ ტრაექტორიას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 ორპარტიული „მეგობარი აქტი“ აშშ-ის კონგრესში ხელახლა წარადგინეს
- 6 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
„აღმაშფოთებელია იმის ხილვა, რომ საქართველოს მთავრობა ასე თავხედურად ესხმის თავს თავისი ხალხის ნებას, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობას“, - ნათქვამია კონგრესმენების განცხადებაში.
ისინი აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ერთგული მეგობარია, რომელიც მას უზრუნველყოფს უსაფრთხოების, პოლიტიკური და მილიარდობით დოლარის ფინანსური დახმარებით.
„რუსეთმა, პირიქით, მხოლოდ უბედურება, ნგრევა და სამხედრო ოკუპაცია მოიტანა. შედარება FARA-სთან (უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის აქტი) ან საგარეო გავლენის მონიტორინგის სხვა დასავლურ მექანიზმებთან არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც იმეორებს კრემლის გაცვეთილ თეზისებს.
შეერთებული შტატები რჩება ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მეგობრად. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრინციპების მხარდაჭერას“, - აცხადებენ ვილსონი და კოენი.
„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ.
ევროკავშირმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაერომ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, არ მიიღოს კანონი, რომელიც შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და საფრთხეს უქმნის მედიის და სამოქალაქო სექტორის თავისუფლებას და არსებობას.
რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები თბილისში, პარლამენტთან, 15 აპრილიდან მიმდინარეობს. ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნება“ 29 აპრილს, რუსული კანონის მხარდასაჭერად „საყოველთაო სახალხო შეკრებას“ მართავს პარლამენტის შენობის წინ. აქციაში მონაწილეობას ავალდებულებენ საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს.