„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის საპროტესტო აქციების დროს „ძალადობის“ თანამონაწილე და წამხალისებელი უწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 3 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 4 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 5 მოიპოვებენ თუ არა საქართველოში ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედებს იძულებით
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
კობახიძე ასე გამოეხმაურა ელჩის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირში მუშაობენ იმ პირების დასანქცირებაზე, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე არიან პასუხისმგებლები.
„ევროკავშირის ელჩი არჩევნებში დამარცხდა და მისი მდგომარეობა ამ ყველაფრით არის გამოწვეული. თქვენ გახსოვთ, რომ ის ღიად აწარმოებდა კამპანიას „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ.
იცით, რომ არც ერთხელ არ დაუგმია მას ის ძალადობრივი მიტინგები, რომელიც საქართველოში იმართებოდა. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ეს ადამიანიც არის ძალადობის თანამონაწილე და აგრძელებს ძალადობის წახალისებას, თუმცა მისი ეს მცდელობა ამ შემთხვევაში წარმატებული აღარ არის.
ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი იცის. ქართულმა საზოგადოებამ იცის, თუ რამდენად „მშვიდობიანი“ იყო მიტინგები, რომელიც საქართველოში ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში იმართებოდა და ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, მთლიანობაში როგორი რეაგირება ჰქონდა ამ ყველაფერზე ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ მოვახერხეთ და აღკვეთეთ ის ძალადობა, რომელსაც შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა. მთავარი მიზანი იყო ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, რაც ბუნებრივია, ქართულმა სახელმწიფომ არ დაუშვა“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, პაველ ჰერჩინსკი „პირდაპირ მოქმედებს „დიფ სთეითის“ დავალებების ქვეშ“ და ქართულ საზოგადოებას „თვალში ნაცარს აყრის“.
„ამბობს, რომ იყო მშვიდობიანი მიტინგები. ეს ხომ სირცხვილია?! რომელი იყო მშვიდობიანი? 5 დღე ომის იმიტაცია რომ ჰქონდათ და თვითონვე ამბობდნენ მოძალადე მომიტინგეები, ეს არის მშვიდობაო? სად იყო მშვიდობიანი მიტინგები? სირცხვილია. მშვიდობიანი მიტინგები იყო თბილისში?!“, - განაცხადა კობახიძემ და „ნაცური უტიფრობა“ უწოდა ჟურნალისტის რეპლიკას, რომ ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.
გუშინ, 24 თებერვალს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ვერ მიიღებს ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, რომელიც საქართველოში თითქმის სამი თვეა გრძელდება. დიპლომატის თქმით, სწორედ ამიტომ მუშაობენ სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაზეა პასუხისმგებელი. ამასთან, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის ნებისმიერი გადაწყვეტილება ერთიანობას მოითხოვს, რაც ჯერ არ არსებობს და „სამწუხაროდ, არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ერთიან პოზიციაზე არ არიან“.
24 თებერვალს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინსიტრების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ხელმძღვანელობდა. კალასის განცხადებით, ნაბიჯები, რომელსაც საქართველო დგამს, ევროპისკენ არ მიდის. მან „საგანგაშო გაუარესება“ უწოდა „ქართული ოცნების“ მიერ რეპრესიული კანონების მიღებას და მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებულ გამოყენებას. კაია კალასის თქმით, ყველა დაკავებული მომიტინგე უნდა გათავისუფლდეს.
