კომუნიკაციების კომისიის წევრებმა, თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა ბექაური, მესამედ, სამი წლის ვადით, ერთხმად აირჩიეს. ბექაური კომისიის თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას, რომელიც მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროების მარეგულირებელი ორგანოა, 2017 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს. ის საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრად პირველად 2014 წელს, მეორედ 2019 წელს აირჩია.
კომუნიკაციების კომისია ექვსი წლის ვადით არჩეული ხუთი წევრისგან შედგება. კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად რეგისტრაციის უფლება აქვს კომისიის ნებისმიერ წევრს, მიუხედავად იმისა, კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რა ვადაა დარჩენილი. 2019 წლამდე მოქმედი დებულების მიხედვით, დაუშვებელი იყო ერთი და იგივე პირის კომისიის თავმჯდომარედ ერთზე მეტი ვადით არჩევა. 2019 წლის ბოლოს დებულებაში ცვლილება შევიდა და აღნიშნული შეზღუდვა გაუქმდა. ამჟამად კომისიის წევრები არიან ვახტანგ აბაშიძე, ნათია კუკულაძე, ეკატერინე იმედაძე, ივანე მახარაძე და კახა ბექაური.
მედიის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები კომუნიკაციების კომისიას ხშირად აკრიტიკებენ ოპოზიციური მედიასაშუალებების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების გამო და მას მმართველი პარტიის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ.
გასული წლის 23 აგვისტოს, კომისიამ „ქართული ოცნების“ მოთხოვნით, „შინ ევროპისკენ“ აქციის სარეკლამო კლიპის განთავსებისთვის „მთავარი არხი“ 118 689 ლარით დააჯარიმა. ამავე გადაწყვეტილებით, სანქცია (გაფრთხილება) დაეკისრათ „ფორმულას“ და ტელეკომპანია „პირველს“.
კახა ბექაური, კომუნიკაციების კომისიის წევრად არჩევამდე, 2012 წელს, 9 თვის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის „მეცხრე არხის“ დირექტორი იყო. ამავე ტელევიზიაში მუშაობდა მისი მეუღლე, ჟურნალისტი ეკა ბერიძე, რომელიც ახლა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორია.
კახა ბექაური ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეა საქართველოში. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, 2014 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, მას, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს, შრომის ანაზღაურების სახით 1 564 262 ლარი აქვს აღებული. გარდა ამისა, ბექაური კომერციულ საქმიანობასაც ეწევა და შპს „ორი ნაბიჯის“ წილის 33,33%-ს ფლობს. 2020 წელს „ორი ნაბიჯიდან“ შემოსავლის სახით 4 299 570 ლარი მიიღო.