ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ მას სახლთან 15-20 ნიღბიანი პირი ელოდა იმ დროისთვის, როცა ის შინ ბრუნდებოდა. უცნობი ადამიანები ბერძენიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციელებისა და ჟურნალისტების მისვლის შემდეგ წავიდნენ. ლევან ბერძენიშვილი მომხდარს „ქართული ოცნების“ მხრიდან შურისძიების გაგრძელებად მიიჩნევს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 6 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
„როგორც შემატყობინეს, მოსულა დაახლოებით 15-20 კაცი, ათლეტური აღნაგობის შესაბამისი აღჭურვილობით, ჯვრიანი ქუდებით, პირბადეებით და ა.შ. კითხვაზე, რაზე არიან მოსულები და რა უნდათ, ძირითადად, იღიმებოდნენ. აშკარად, ეს იყო მარბიელთა აქცია, რომელიც მელოდებოდა. მათ მშვენივრად იციან ჩემი გადაადგილება. უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც მე არ ვიცი, როდის ვამთავრებ ლექციებს და მაგათ იციან ზეპირად. მე, რომ დროულად მოვსულიყავი, ისინი აქ დამხვდებოდნენ. მე უბრალოდ გამაფრთხილეს და გზაში შევჩერდი. რადგან არ მიდიოდნენ - აქ იდგნენ თურმე და არ იძვროდნენ, ჩემმა ქალიშვილმა გამოიძახა პატრული. პატრული გამოჩნდა თუ არა, ისინი გაქრნენ. ასეთი რამ კახეთშიც იყო, აქაც იყვნენ მოსულები, ქურდებიც ჩართეს, ბევრნაირი ამბები ყოფილა. ჯერჯერობით ფიზიკურად არ შემხებიან, რამდენიმე მოქალაქემ მოახერხა და შეურაცხყოფა მომაყენა ქუჩაში. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, რაც უნდათ ის თქვან, მაგრამ ორგანიზებული ჯგუფი რომ მოდის და კუნთებზე იყურებიან, ასეთი შემთხვევა მესამეა“, - თქვა ლევან ბერძენიშვილმა.
ლიტერატორი დღევანდელ ამბავს მის წინააღმდეგ გასულ კვირას დაწყებულ ახალ კამპანიას უკავშირებს.
„თურმე შეურაცხყოფა მიმიყენებია ხევსურებისთვის 2014 წელს. ახლა არის 2023 წელი. 2014 წელს ჩაიწერა ის მასალა, რომელიც დიდი ხანია ძალიან ცნობილია, რომელიც თარგმნილია ინგლისურად და ფრანგულად და ჯერ პრეტენზია არავის ჰქონია. საერთოდ ბევრ დანაშაულს აქვს ხანდაზმულობის ვადა და ჩემსას - თურმე, არა. 2014 წელს მე რას ვიტყვი, 1943-ში რას იტყოდა ვიღაც, თურმე, ამაზე პასუხი უნდა ვაგო.
თუკი ვინმე, აი, ამ ხალხიდან წერა-კითხვის მცოდნეა და წაიკითხავს „ალუდა ქეთელაურს“, ყველას პრეტენზია ექნება ვაჟა-ფშაველასთან და არა ჩემთან, რადგან მე არ მინახავს ალუდას სიზმარი, ალუდამ ნახა კანიბალისტური ხასიათის სიზმარი“.
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში პროსამთავრობო და ანტიდასავლური გვერდები ავრცელებენ მოკლე ფრაგმენტს ლევან ბერძენიშვილის ლექციის ვიდეოჩანაწერიდან, რომელიც YouTube-ზე 2014 წლის 6 თებერვალს არის გამოქვეყნებული. ლექციას „ვაჟა ჩვენი თანამედროვე ჰქვია“ და ფილოლოგი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე საუბრობს, ერთ-ერთ ნაწილში ის პოემაზე „ალუდა ქეთელაური“ ჩერდება:
„ვაჟა-ფშაველამ თქვა, რომ მტერი საერთოდ არ არსებობს. ვაჟა-ფშაველამ თქვა, რომ „ვისაც მტერობა მასწყურდეს, გააღოს სახლის კარია“ და მერე მოჰყვა რაღაც საშინელ, ფანტასმაგორიულ სურათს - როგორ უნდა ჭამო, როგორ უნდა სვა, როგორ უნდა შეჭამო ადამიანი, მწვანილის ნაცვლად როგორ უნდა მიაყოლო მისი წვერ-ულვაში და ა.შ. მტრობა ეგ არის. ვაჟა-ფშაველამ თქვა, რომ თუ მტერი ხარ, მაშინ უნდა შეჭამო კიდეც. მოდით, დავფიქრდეთ. ძველი წარმოდგენები თქვენ იცით. ხევსურები კლავენ და ხელს ჭრიან ამ პოემებში. რატომ? უნდა ჩამოკიდონ. თავიდან რატომ ჭრიდნენ? თავიდან, შეგახსენებთ, იმიტომ ჭრიდნენ, რომ უნდა შეეჭამათ, იმიტომ, რომ ომს, მტრობას სხვა გამართლება არ აქვს გარდა იმისა, რომ ადამიანი არის კვებითი ღირებულების მქონე არსება. ყველაფერთან ერთად ჩვენ შესანიშნავი ხორცი გვაქვს. ყველა კაციჭამია ადასტურებს, რომ ადამიანის ხორცი გემრიელია. თუ ვინმეს ძალიან აინტერესებს მისი სტრუქტურა, გემოთი იგი ყველაზე უფრო ღორის ხორცს წააგავს - ისე, რომ იცოდეთ. იყო ერთი ცუდი კაცი, რომელსაც სახელად ბოკასა ერქვა, რომელსაც ესმოდა ადამიანის ხორცის გრადაციები და ძირითადად გოჭის, ანუ პატარა ბავშვების ხორცი მიაჩნდა გემრიელად და თითებს კვნეტდა. არ დაგავიწყდეთ, რომ ძალიან ბევრი მსოფლიო ლიდერის მეგობარი კაცი იყო, მათ შორის, მაგალითად, ჟისკარ დესტენის და სერიოზული, გამოსული მსოფლიო ლიდერების ახლო მეგობარი გახლდათ ბოკასა. მე-20 საუკუნეში კაციჭამიობდა. მათ ქვეყანაში ჩეხოსლოვაკიის ელჩი შეჭამეს და ჩეხოსლოვაკია რომ აღელდა, უთხრეს - კარგი, რა მოგივიდათ, ჩვენი ელჩიც არის ჩეხოსლოვაკიაში და შეგიძლიათ შეჭამოთო. ჩეხებმა ვერ გაიგეს ცენტრალურაფრიკული ხუმრობა. ერთი სიტყვით, ვაჟა-ფშაველამ თქვა, რომ მტერი მტერი არ არის. ეს მას რომ უბრალო, ადამიანურ ენაზე ეთქვა - რომ მოდი, არ გვინდა მტრობა და მეგობრები ვიყოთ, შეიძლება კიდევ ვინმეს გაეგო, მაგრამ ეს მან თქვა მხატვრულად“.
ლევან ბერძენიშვილს გარკვეული ჯგუფები ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის შესახებ გამოთქმული მოსაზრებების გამოც უპირისპირდებიან. 2023 წლის იანვარში „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ წევრებმა, დაახლოებით 20-მა ადამიანმა, მას ყვარელში, საჯარო ლექციის - „ილია, ჩვენი ევროპელი მამა“ ჩატარების საშუალება არ მისცეს. პრორუსული პარტიის წარმომადგენლებმა „ყვარლის ევროკლუბთან“ მისასვლელი საავტომობილო გზა გადაკეტეს და ლევან ბერძენიშვილი შენობამდე არ მიუშვეს. აქციის მონაწილეები ყვიროდნენ, რომ „ლევან ბერძენიშვილი მოღალატეა და ერეკლე მეფის შეურაცხყოფის გამო, კახეთი არ მიიღებს“. პოლიციელებმა არც გზა გახსნეს და არც ხულიგნობა აღკვეთეს.