ლიეტუვის სეიმი ევროკავშირს საქართველოს ოფიციალური პირების დასანქცირებისკენ მოუწოდებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ლიეტუვის სეიმმა (პარლამენტი), 109 ხმით ერთის წინააღმდეგ, მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოს იმ ოფიციალურ პირებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად პასუხისმგებელი არიან ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სეიმი კატეგორიულად გმობს მთავრობის ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების დაშინებასა და უკანონო დაკავებას, ასევე, მმართველი პარტიის და პრო-სამთავრობო მედიების მიერ რუსული პროპაგანდის დეზინფორმაციული ნარატივების სისტემატურ გავრცელებას ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით.

მიღებული რეზოლუციით, სეიმი მხარს უჭერს ევროპარლამენტის მოწოდებას, საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. სეიმმა დაასკვნა, რომ დარღვევების მასშტაბის გათვალისწინებით, რომელიც მოიცავდა საარჩევნო ბიულეტენების გაყალბებას, ამომრჩეველთა თავისუფალი ნების შეზღუდვას, არჩევნების დამკვირვებლებისა და მედიის საქმიანობაში ჩარევასა და მისი დამოუკიდებლობის შელახვას, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ვერ აკმაყოფილებს დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს, რის გამოც იგი არ უნდა ჩაითვალოს არც თავისუფლად და არც - სამართლიანად.

სეიმის რეზოლუცია მხარს უჭერს საარჩევნო მანიპულაციების, ამომრჩეველთა დაშინებისა და სისტემური დარღვევების შესახებ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ მოწოდებას.

სეიმი ევროკავშირს მოუწოდებს შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები ევროკავშირის დონეზე საქართველოს მთავრობასა და პარლამენტთან; შეაჩეროს საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერა, იმავდროულად გაზარდოს მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მიმართ.

გარდა ამისა, სეიმი ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებს მოუწოდებს, სრულად დაუჭირონ მხარი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, სანამ არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც აღიარებული იქნება საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ფუნდამენტური უფლებების დაცვა ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის აუცილებელი კრიტერიუმია. შესაბამისად, სეიმი მოუწოდებს ევროკომისიასა და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო რეჟიმის სტატუსს და საჭიროების შემთხვევაში შეაჩერონ ის.

სეიმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გააგრძელებს ქართველი ხალხის ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერას, თუმცა ამ გზაზე პროგრესი შეჩერებულია მანამ, ვიდრე არ გადაწყდება ძირითადი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის გაფართოების ფუნდამენტურ კრიტერიუმებთან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.