პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა „ნდობის მინიჭებისთვის“ განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა და განაცხადა, რომ „გათვიცნობიერებული აქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„პირველ რიგში, დავიწყებ მადლობით. განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მე ამაყი ვარ და ბედნიერი ვარ, ესეთ რთულ გამოწვეულ ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა მიწევს ამ ადამიანთან ერთად და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ნდობა, ასე ვთქვათ, მომანიჭა. ასევე ჩემს თანამებრძოლებს, უმრავლესობას, უმრავლესობის თითოეულ წევრს განსაუთრებული მადლობა მათაც, ამ ნდობის გამოცხადებისთვის.
რა თქმა უნდა, გათვიცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა, ჩვენდა სამწუხაროდ, მოქმედმა პრეზიდენტმა პირდაპირ შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას.
ეს იმ ფონზე, რომ სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული, რადიკალიზაცია, პოლარიზაცია გაღვივებული. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნე მეგობრები ბრჭყალებში ეხმარებიან, რომ ეს პროცესი უფრო მეტად გამძაფრდეს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი.
ჩვენ გვაქვს ძალიან გამართული კონსტიტუცია და ძალიან საპასუხისმგებლო პრეზიდენტის ინსტიტუტი და ყველზე მთავარი მოცემულობა არის, რომ სწორედ ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოში ქართველებს არ გვესწავლება, რომ სიძულვილი ნამდვილად ყოფს და აპირისპირებს ადამიანებს. ამის საპირისპიროდ, სიყვარული არის გამაერთიანებელი. მე გულწრფელად მინდა გითხრათ და დაგპირდათ, ნამდვილად მიყვარს, უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ქვეყანა და
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს საზოგადოების გაერთიანებისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ღირებულებები, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ გავაერთიანოთ საზოგადოება.
დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მხარს დაგვიჭერს და უფრო მეტად ძლიერს გავხდით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ფარავდეს უფალი ჩვენს ქვეყანას. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და კარგად ბრძანდებოდეთ“, - განაცხადა ყაველაშვილმა [სტილი დაცულია].
მიხეილ ყაველაშვილი ყოფილი ფეხბურთელი, ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და ანტიდასავლური გზავნილებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერია. მან მხარი დაუჭირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს, რომლის მიღების შემდეგ ევროკავშირიში საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.
2016-2024 წლებში ყაველაშვილი „ქართული ოცნებიდან“ სანზონის და ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ის, ისევე როგორც „ხალხის ძალის“ სხვა წევრები, „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში შეიყვანეს. 25 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომაზე შეიკრიბა, მიხეილ ყაველაშვილი არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატად იქნა ცნობილი.
53 წლის მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 1988-1995 წლებში იყო „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი. სხვადასხვა წლებში თამაშობდა ისეთ საფეხბურთო კლუბებში, როგორებიცაა „მანჩესტერ-სითი“, „გრასჰოფერი“, „ციურიხი“, „ლუცერნი“. 2015 წელს მიხეილ ყაველაშვილს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურდა და როგორც ამბობდა, აპირებდა სასამართლოში გაესაჩივრებინა ფედერაციის წესდების ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტობის კანდიდატს უმაღლესი განათლება უნდა გააჩნდეს. დღემდე საჯაროდ არ იძებნება (მათ შორის, არც პარლამენტის ვებ-გვერდზე) დოკუმენტი, რომელიც ყაველაშვილის უმაღლეს განათლებას დაადასტურებდა.