„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ყოფილი ფეხბურთელი, ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და ანტიდასავლური გზავნილებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ამის შესახებ პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

არალეგიტიმური პარლამენტის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება, ხოლო ინაუგურაცია - 29 დეკემბერს.

„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარმოგიდგენთ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას“, - განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, ყაველაშვილმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაში.

„წლების განმავლობაში ის, როგორც წარმატებული სპორტსმენი იცავდა საქართველოს ღირსებას. მიშა იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი, ის არის რამდენიმე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი. მისი საფეხბურთო კარიერა უკავშირდება თბილისის „დინამოს“, ვლადიკავკაზის „ალანიას“, „მანჩესტერ სითის“, წამყვან შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბებს. პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც, მიხეილ ყაველაშვილი უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოპვან ყველა საკითხზე. უკანასკნელი 8 წლის მანძილზე, მიხეილ ყაველაშვილი ეწეოდა წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას. ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში. პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრონციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს.

ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ - ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. ის არის საუკეთესო მეუღლე და ოთხი შვილის მამა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გუნდმა მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით.

დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას.

29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკა, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა. ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სამსახურში და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში“, - განაცხადა ივანიშვილმა და ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.

მიხეილ ყაველაშვილი 2006 წლამდე ფეხბურთელი იყო. 2015 წელს მას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურდა და როგორც ამბობდა, აპირებდა სასამართლოში გაესაჩივრებინა ფედერაციის წესდების ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტობის კანდიდატს უმაღლესი განათლება უნდა გააჩნდეს. დღემდე საჯაროდ არ იძებნება (მათ შორის, არც პარლამენტის ვებ-გვერდზე) დოკუმენტი, რომელიც ყაველაშვილის უმაღლეს განათლებას დაადასტურებდა. 2016 წელს მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტში სანზონის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს, ხოლო 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ნაძალადევის მაჟორიტარი იყო.

პარლამენტის პასუხი IDFI-ს, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს ითხოვდა

სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წესით, საყოველთაო არჩევნებით არჩეული ბოლო პრეზიდენტია.

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს 5 წლის ვადით 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. კანდიდატი პრეზიდენტად არჩეულად ჩაითვლება, თუ მოაგროვებს კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერას. სხვა შემთხვევაში, მეორე ტური ჩატარდება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.