არალეგიტიმურმა პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დანიშნა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, რომლებმაც მე-11 მოწვევის პარლამენტში საკუთარი უფლებამოსილება კონსტიტუციის დარღვევით ცნეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ დადგენილება მიიღეს. არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის არჩევა ხდება 5 წლის ვადით. 2017 წელს, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, შეიცვალა პრეზიდენტის არჩევის წესი - პრეზიდენტს ახლა უკვე აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია. მაშინვე გარდამავალ დებულებებში აღინიშნა, რომ 2018 წელს არჩეული პრეზიდენტი იქნებოდა არჩეული 6 წლის ვადით. მიზეზი იყო 2024 წელს გასამართი საპარლამენტო არჩევნები და ჩანაფიქრი იყო, რომ ახალარჩეული პარლამენტით დაკომპლექტებულიყო კოლეგიის ნაწილი. მოქმედმა პრეზიდენტმა ფიცი დადო 2018 წლის 16 დეკემბერს, მას ექვსწლიანი უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს ეწურება.

გარდა ამისა, კონსტიტუციის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტის არჩევნები ემთხვევა საპარლამენტო არჩევნებს, მაქსიმუმ 45 დღეში უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მიმდინარე წელს, ასევე ინაუგურაცია მოხდეს 2024 წელს, რომ ახალარჩეულ პრეზიდენტს ჰქონდეს 5-წლიანი ვადა. სხვა შემთხვევაში, თუ არჩევნები 2025 წელს გადავიდოდა, შემდეგი არჩევნები მოუწევდა 2030 წლის ოქტომბერში და ფაქტობრივად, იქნებოდა 6 წლის ვადით არჩეული პრეზიდენტი, რაც კონსტიტუციის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს ცესკოს მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.

„ამ 300 წევრიდან 150 გახლავთ პარლამენტის წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა -  21 წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა - 20 წევრი, დარჩენილი 109 წევრი დაკომპლექტდება საკრებულოების წევრებისგან იმ პროპორციულობით, რომელიც დადგა 2021 წლის არჩევნების შედეგად“,  - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. კანდიდატი პრეზიდენტად არჩეულად ჩაითვლება, თუ მოაგროვებს კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერას. სხვა შემთხვევაში დაინიშნება მეორე ტური. შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ მეორე ტური გახდება საჭირო, ის იმავე დღეს ჩატარდება.

„იგივე საკანონმდებლო დანაწესებით, ინაუგურაცია ტარდება არჩევნებიდან მესამე კვირას, ანუ პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება 2024 წლის 29 დეკემბერს“, - თქვა პაპუაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს ჩაატარა და 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო, აირჩია თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და კომიტეტების თავმჯდომარეები. კონსტიტუციის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა ეს არ გააკეთა. მან საპარლამენტო არჩევნების შედეგები და შესაბამისად, 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ პარლამენტს უფლება არ ჰქონდა, ეცნო იმ პირთა უფლებამოსილება, რომელთა არჩევის კანონიერებაც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. მათივე განმარტებით, პარლამენტის გადაწყვეტილებები უკანონოდ მიიჩნევა.

 

ამ თემაზე:

პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.