პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვა გაავრცელა მას შემდეგ, რაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ სხდომა დასრულდა. ზურაბიშვილის თქმით, „დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და გული ყველას უნდა გვტკიოდეს, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს. საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია. ძალიან მეცოდებიან!

მეცოდება, პირველ რიგში, კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, თავზე დაეხია კონსტიტუცია.

მეცოდება ყველა ის პარლამენტარი, რომელიც დღეს გაყინული სახით იჯდა, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი, რამეთუ მათ იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით თუ კვირით არ ვიცი, ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ, არცერთს არანაირი უფლება არ გააჩნიათ.

მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს ვნახეთ კადრები, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და ისტორიაში შევა, როგორც სამარცხვინო კადრი, ერთი მეორეს მისალმების, თუ დაჩოქების.

სამაგიეროდ, არ მეცოდებით თქვენ, არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს!

არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზადონ, რომ არამხოლოდ მომავალი იყოს მათი, არამედ, ძალიან მალე ხელში აიღონ ამ ქვეყნის მომავლის სადავეები.

თუ რამეს ვხედავთ, ეს არის ის, რომ თქვენი დრო მოვიდა, რომ ის ძველი დრო, რომელიც დღევანდელ პარლამენტშია ასახული ნამდვილად დამთავრდა და საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში, რადგან

ძალიან მალე ახალი არჩევნების დრო დადგება, რომელიც ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს და ეს დრო ნამდვილად მოდის!

ჩვენი მთავარი მოვალეობა დღეს ის კი არ არის, რომ მაინცდამაინც ყოველდღე ვიდგეთ სადმე, ჩვენი მთავარი მოვალეობა მომზადებაა. თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი პარტნიორების, რომლებიც მზად არ არიან მიატოვონ საქართველო. იმედი უნდა გვქონდეს იმისი, რომ ამ ქვეყნის ეს მომავალი ჩვენია - ყველასი!

და... მე, როცა გადავწყვეტ რომ წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, ყოველ ჯერზე, წინასწარ გეტყვით, გეტყვით რისთვის მივდივარ, გეტყვით ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები.

და მე აქ ვიქნები, (ეს უკვე გითხარით) და ერთად მოვემზადებით ახალი არჩევნებისთვის!“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

„ქართულმა ოცნებამ“ დღევანდელ სხდომაზე 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო, აირჩია პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, ასევე, კომიტეტების თავმჯდომარეები.

სხდომამ საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა. მას არ ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და ელჩები.

კონსტიტუციის მიხედვით, ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა ეს არ გააკეთა. მან საპარლამენტო არჩევნების შედეგები და შესაბამისად, 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ პარლამენტს უფლება არა ჰქონდა, ეცნო იმ პირთა უფლებამოსილება, რომელთა არჩევის კანონიერებაც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. ეს და პარლამენტის სხვა გადაწყვეტილებები უკანონოდ მიიჩნევა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).