მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელიც ერთპარტიულ რეჟიმში მიმდინარეობს, 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნეს და თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 კობახიძე დიუშენის წამლებზე: „ხალხის ფულით“ „ფარმაცევტული მაფია“ არ უნდა გავამდიდროთ
- 5 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
აღნიშნულ საკითხებს მხარი „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატმა დაუჭირა. როგორც პარლამენტის პრეს-სამსახურში განაცხადეს, გივი ჭიჭინაძემ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.
პარლამენტის წევრებმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. ჰიმნი გაჟღერდა პაპუაშვილის არჩევის შემდეგაც.
დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ვოლსკი აირჩიეს, ხოლო მოადგილეებად - თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი.
სხდომაში მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები მონაწილეობენ. მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც მმართველი პარტიის საპარლამენტო სიაში პირველი იყო.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში არ მივიდნენ, რადგან მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“ და პარლამენტის მოცემულ შემადგენლობას ლეგიტიმაცია არ გააჩნია.
„ქართული ოცნება“ პირველ სხდომაზე ოპოზიციის საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბა. სხდომათა დარბაზში არ იმყოფებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და ელჩები.
კონსტიტუციის მიხედვით, ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა ეს არ გააკეთა. მან საპარლამენტო არჩევნების შედეგები და შესაბამისად, 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. იურისტთა ნაწილი განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტს დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის უფლება არ ჰქონდა და მისი გადაწყვეტილებები არაკანონიერია.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნები 16 ნოემბერს შეაჯამა. ცესკოს ოქმის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.93% მოიპოვა და საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 89 მანდატი მიიღო. „კოალიციას ცვლილებისთვის“ ხმების 11.03% და 19 მანდატი აქვს, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ - 10.17% და 16 მანდატი, „ძლიერ საქართველოს“ - 8.81% და 14 მანდატი, ხოლო პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ - 7.78% და 12 მანდატი. ცესკოს მონაცემებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა.
