მარტა კოსი: ქართველ ხალხს სურს ევროპული მომავალი, მაგრამ მთავრობას - არა

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ევროკავშირი გმობს საქართველოს ხელისუფლების ცრუ ნარატივებს და თავდასხმებს ევროპულ ინსტიტუტებზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. ქართველმა ხალხმა ბოლო სამ არჩევნებში, მიმდინარე საპროტესტო აქციებში აჩვენა და ასევე, გამოკითხვებიც აჩვენებს, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ არა მთავრობას. როგორც ჩანს, მათი მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული. ოპონენტები, როგორც იცით, დაპატიმრებულები არიან, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხმას კი ახშობენ“, - განაცხადა მარტა კოსმა.

ევროკომისრის თქმით, საქართველოში ევროკავშირისა და ევროპის წინააღმდეგ დეზინფორმაცია არა მხოლოდ ხელშეწყობილია ხელისუფლებაში მყოფი პირების მხრიდან, არამედ ისინი თავად ავრცელებენ მას.

„ჩვენ ვგმობთ ამ ცრუ ნარატივებს და ვგმობთ ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ჩვენს წევრ სახელმწიფოებზე.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი“, - აღნიშნა კოსმა.

დღეს, 20 ოქტომბერს, ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, რომელსაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ხელმძრვანელობს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომამდე, 19 ოქტომბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში სამინისტრო აღნიშნავს, რომ „უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და პირადად გერმანიის ელჩის მიმართ სიძულვილს აღვივებს“.

უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისში ვიზიტით მყოფი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენი დააჯარიმა 14 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მისვლის გამო. ვალტონენის შეფასებით, მიუღებელია რეპრესიები რიგითი ადამიანების წინააღმდეგ. მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.