„როდესაც „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრი ამაში იღებს მონაწილეობას, წარმოუდგენელია ის არ იყოს შეკრული იმ ხალხთან, ვისაც სჭირდება ასეთი კადრები“, - მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანში ბიულეტენების უკანონო ჩაყრას „დადგმული სპექტაკლი“, „პროვოკაცია“ უწოდა და მომხდარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 3 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 4 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 5 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
- 6 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
„რამდენიმე დღის წინ, მე ჩავატარე ბრიფინგი მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ. ერთ-ერთი პუნქტი, რაც მე მაშინ წინასწარ მოვუყევი საზოგადოებას, იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოდიოდა, რომ ისინი აპირებდნენ ადამიანების მოსყიდვას საიმისოდ, რომ შემდეგ მომხდარიყო ვიდეოკადრების გავრცელება.
სექმა იყო ასეთი, რომ უნდა მოესყიდათ, მოეძებნათ ვინმე „ქართული ოცნების“ რიგებში, ვისაც გადაუხდიდნენ ფულს, რომელიც შემდეგ სხვას დაარწმუნებდა ან თვითონ გააკეთებდა ამას - ჩაყრიდა ან შეაცურებდა ბიულეტენებს საარჩევნო ურნაში, ან ელექტრონულ აპარატში, რასაც შემდეგ კვლავ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინმე გადაიღებდა“, - განაცხადა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მდინარაძის თქმით, ამ საკითხზე მოკვლევას აწარმოებენ და თუ გავრცელებული კადრები ნამდვილია, „უმკაცრესად დაისჯება“ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ „სქემაში“ მიიღო მონაწილეობა.
„წარმოუდგენელია, რომ კამერების წინ დადგეს ადამიანი, ნახევარ მეტრში კამერა უღებდეს და ასე ყრიდეს ბიულეტენებს. ეს არის სპეციალურად გაკეთებული. სამწუხაროდ, თუ ეს კადრები ნამდვილია და ახალია, იქ მონაწილეობას იღებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი საარჩევნო უბანზე. ჩვენი რწმენით, მე პირადად დარწმუნებული ვარ ამაში, ის იღებს მონაწილეობას ქვეყნის არევის გეგმაში, რომ ეს კადრები გავრცელდეს და შემდეგ ლეგიტიმაციის პრობლემები იყოს. პროვოკაციას ყველამ თავი დაანებოს. ვინმე ჩვენიანის, გაყიდული ჩვენიანის ჩართულობა იქნება უმკაცრესად დასჯილი და ასევე უმკაცრესად იქნება დასჯილი ნებისმიერი პროვოკაცია. ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანში უკანონო ქმედების ამსახველი ვიდეო „ჩემი ხმის“ დამკვირვებელმა გადაიღო, რის შემდეგაც, სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და უბნიდან გააძევეს. ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ყუთში ბიულეტენებს ტენის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და „ქართული ოცნების“ წევრი როვშან ისკანდაროვია. ის 69-ე უბანში პარტიის წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა.
ბიულეტენების უკანონო ჩაყრის შემდეგ, 69-ე უბანში კენჭისყრა შეჩერდა. სავარაუდოდ, ამ უბნის შედეგები გაბათილდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1643 მუხლით დაიწყო, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს. დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
