მე ვიყავი ერთადერთი, ვინც ივანიშვილს ეუბნებოდა, რომ სიგიჟეს აკეთებდა, ახლა არავინ ჰყავს - გახარია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ბიძინა ივანიშვილის მოუშუშებელი ჭრილობა არის ის, რომ სიგიჟეს როცა აკეთებდა, მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, რომელიც ეუბნებოდა, რომ სიგიჟეს აკეთებდა. ახლა არავინ  აღარ ჰყავს და ხომ ხედავთ, გაფრინდა კოსმოსში. იფრინოს. მთავარია, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს“,- განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ადამიანი მისი პარტიის წევრებს დაპატიმრებით ემუქრება და მისთვის დღეს ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა.

„ამხელა ბუმბერაზი ადამიანი, საპატიო თავმჯდომარე ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას ემსახურებიან, კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს დაემუქრა, რომ დაგიჭერთო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თავიანთი ნება გამოხატეს და პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირეს.  

ეს ის ადამიანია, რომელიც თვლის, რომ საქართველოში ყველა ლარი მას ეკუთვნის, სახელმწიფო ქონება მას ეკუთვნის და საბოლოო ჯამში, ეს ის ადამიანია, რომელიც თვლის, რომ ყველა ხმა და ადამიანი მას ეკუთვნის. როგორც კერძო საკუთრებას, ასე უყურებს. ბიძინა თვლის, რომ ყველა ფული მისი ფულია, ყველა ხმა მისია და თუ მას ხმას არ აძლევ, ესე იგი, ხალხის მოღალატე ხარ.

რატომ იყო ეს ღია თავდასხმა ჩვენზე?! ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც დაამარცხებს „ოცნებას“ ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ და არ მოაბრუნებს ხელისუფლებაში. შიში. სახეზე დააკვირდით“, - განაცხადა გახარიამ და გაიმეორა, რომ ივანიშვილთან დებატებისთვის ნებისმიერ ფორმატში მზად არის.

„ხომ ამბობს, რომ დალაგებული მაქვს მტკიცებულებებიო, თავის „იმედში“, თავის ტელევიზიაში საჯარო დებატების ფორმატში, არანაირი პრობლემა არ არის. თავისივე სასამართლოში. სამი თუ ოთხი წელია ფეხებს აბაკუნმებენ, ამას ვიზამთ იმას ვიზამთ, გამოვიძიებთ დავსჯითო. აბა, დამსაჯონ ერთი. და მესამე, ნებისმიერ ფორმატში - ხომ ჰყავს იქ ვიღაც სპეციფიური მენტალიტეტის ადამიანები, ნებისმიერ ფორმატში. იმიტომ, რომ იცის, ყველა ფორმატში დამარცხდება, რადგან ყველაფერი, რასაც ამბობს, არის ტყუილი“, - თქვა გახარიამ ბრიფინგზე.

გუშინ, 21 ოქტომბერს, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე ისაუბრა. მან გიორგი გახარიას „გარეწარი“ უწოდა და თქვა, რომ მის წინააღმდეგ „სასამართლოს დონეზე აქვთ ყველა დოკუმენტი დალაგებული“.

„ამ გარეწარს, ამასთან რომ დგანან და ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა, თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა და რისთვის აკეთებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც და რა კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველო ომში უნდა ჩართოს. სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. რა თქმა უნდა, ამათ მოუწევთ პასუხის გება, მკაცრი პასუხის გება. მასაც და მისი პარტიის წევრებს, უფრო მეტი გაღიზიანება მათზე მაქვს, ისინი „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ უმრავლესობა და ჩვენი მანდატით შემოვიდნენ პარლამენტში და დღეს რომ თავს იდებილებენ და იმეორებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ერთი ერთზე და უარესსაც გადადიან ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ რომ მიიღებენ კიდეც“, - განაცხადა ივანიშვილმა.

გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე, გადადგომამდე იკავებდა. 2017-2019 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2016-2017 წლებში - ეკონომიკის მინისტრი, ხოლო 2013-2016 წლებში ბიზნესომბუდსმენი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.