მელია ამბობს, რომ ენმ-ში მიმდინარე პროცესებში არაფორმალური გავლენების კვალი ჩანს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიაში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი ოპონენტები საჯაროობაზე, გამჭვირვალობასა და დემოკრატიაზე საუბრობენ, თუმცა მათ ქმედებებში არაფორმალური გავლენების კვალი „შეუიარაღებელი თვალითაც“ ჩანს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მელიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელიც დღითი დღე უფრო მძიმდება.

„როგორც ჩანს, საარჩევნო კამპანიასა და პერიპეტიებში გართულებს, გვავიწყდება მთავარი გამოწვევა, რაც დგას ქვეყნისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა. ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხზე შევჯერდეთ და ერთიანი პოზიცია გვქონდეს, კანდიდატები აწარმოებენ გაურკვეველ კამპანიებს.

სამწუხაროდ, ეს პროცესი  ოფიციალურად ჯერ არც დაწყებულა და უკვე სცდება ნორმალური პოლიტიკური პროცესის ფარგლებს, იღებს სამარცხვინო სახეს, რაც შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს როგორც პარტიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.  ოპონენტები ბევრს საუბრობენ საჯაროობაზე, გამჭვირვალობასა და დემოკრატიაზე, ამ დროს კონცეპტუალური სვლები საერთოდ კულისებიდან კეთდება და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს კულუარული/არაფორმალური გავლენების კვალი“, - ამბობს ნიკა მელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, საარჩევნო მარათონის გამოცხადება უადგილოდ მიაჩნდა, თუმცა ახლა ფიქრობს, რომ არჩევნები აუცილებელია.

„ჩემი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს ეს არჩევნები, რათა დროულად ვფოკუსირდეთ მთავარ გამოწვევაზე და ახლაც, არჩევნებამდეც, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გაყვანის საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს და უნდა ვიფიქროთ შემდგომ ნაბიჯებზე, ასეთი ტიპის საარჩევნო კამპანიის პრიორიტეტად ქცევა საერთოდ არასწორად მიმაჩნია. ვერცერთი კანდიდატი ვერ გამოვა ამ ბრძოლიდან გამარჯვებული, თუ საერთო ბრძოლაში დავმარცხდებით“, - აღნიშნავს მელია.

რამდენიმე კვირის წინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილმა პარტიაში თავმჯდომარის ასარჩევად არჩევნების ჩატარება მოითხოვა. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ და პარტიასთან დაკავშირებული ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ. საკუთარი კანდიდატურა დააყენა პარლამენტარმა ლევან ხაბეიშვილმაც, რომელმაც 16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პარტიას სჭირდება გამაერთიანებელი თავმჯდომარე და არა გამყოფი. როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, მისი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ დაუბრუნოს „ამომრჩეველს, მხარდამჭერებს და ყველას“, ვისთვისაც ეს პარტია „რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა“. შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას ყოფილი თავდაცვის მინისტრის და ტელეკომპანია „ფორმულას“ 51% წილის მფლობელის, დავით კეზერაშვილის მხარდაჭერა, ხაბეიშვილმა თქვა, რომ მის უკან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დგანან.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმაც. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზეც, რამდენად არსებობს რესურსი, რომ საარჩევნო პროცესი პოლიტიკური დისკუსიის რეჟიმში წარიმართოს და არა „ოცნებისთვის“ დამახასიათებელი „ტალახის სროლის“ რეჟიმში და იქნება თუ არა კარი ღია ახალი შესაძლებლობებისთვის, რომელმაც პარტია დღევანდელი არასასურველი მდგომარეობიდან უფრო ძლიერი უნდა გამოიყვანოს“.

ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ 2020 წელს აირჩიეს და უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 2 წელი აქვს დარჩენილი. სექტემბერში, მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, პარტიაში არაფორმალური მმართველობის საფრთხეებზე ისაუბრა დავით კეზერაშვილის მხრიდან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).