გუშინ, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტს სახეში ლაზერს ის ახალგაზრდები ანათებდნენ, ვინც რამდენიმე დღის წინ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრებს დაესხნენ თავს. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 2 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 6 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
„გუშინ პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება „ქართული ოცნების“ დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს, ამაღლების ქუჩაზე, თავს დაესხა ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს.
სამწუხაროდ, „ოცნება“ იქამდე მივიდა, რომ ოპონენტების წინააღმდეგ, გუშინაც და ამაღლების ქუჩაზეც, გამოიყენა ახალგაზრდები. ესენი გახლავთ დავით დვალი, რომელიც არის კალაძის მძღოლის შვილი და დავით არჩვაძე, ახალგაზრდულის ხელმძღვანელი. ეს არის დაუსჯელობის შედეგი“, - განაცხადა მეზვრიშვილმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ათ დღეზე მეტია გასული, რაც ამაღლების ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს, თუმცა უწყების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.
20 ოქტომბერს, თბილისში გამართული მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლის დროს მას სასტუმრო „მონოგრაფის“ ვერანდიდან სახეში ლაზერებს ანათებდნენ. აქტივისტის მიერ გადაღებული ვიდეოდან გაირკვა, რომ პრეზიდენტისთვის ხელის შეშლას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები ცდილობდნენ. მათ შორის იდენტიფიცირებულები არიან დავით არჩვაძე, დავით მირიანაშვილი, საბა გორგაძე და საბა ჯულაყიძე.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ 9 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ წარმომადგენლებს თავს ამაღლების ქუჩაზე, სააგიტაციო მასალის გავრცელების დროს დაესხნენ. მომდევნო დღეს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ ინციდენტში მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი მონაწილეობდა, რომელიც მან „ძალიან კარგ, განათლებულ და პატრიოტი კაცად“ დაახასიათა.
„დანარჩენებს მე, სამწუხაროდ, არ ვიცნობ. მაგრამ გიდასტურებთ, რადგან ის ერთი ჩვენი წარმომადგენელი იყო, სავარაუდოდ, სხვა ახალგაზრდებიც ჩვენი წარმომადგენლები შეიძლება ყოფილიყვნენ“, - განაცხადა მდინარაძემ. ის ფიზიკურ დაპირისპირებაში გახარიას პარტიის წარმომადგენლებს ადანაშაულებდა.
