„მე არ მინდა, ამ დღეებში თქვენგან გავიგო „თუ“ ან „რომ“. ყველაფერი ნათელია, აქ უკვე გამარჯვებულია საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თავისუფლების მოედანზე შეუერთდა მსვლელობას „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ათობით ათასი მოქალაქის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, ზურაბიშვილმა თქვა, რომ „დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც დასამახსოვრებელი იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის“.
„ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა - გაბრიელი. ალბათ, ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ ახალი მომავალი და ახალი საქართველო მოდის. ის საქართველო, რომელიც დღეს ჩემ წინ დგას, თავისუფალი საქართველოა. აქ არავინ არ არის ძალით მოსული, არავინ არ არის მოსული იმიტომ, რომ უთხრეს: „თუ არადა, სამსახურს დაკარგავო“. არცერთი სტუდენტი არ არის მოსული იმიტომ, რომ უთხრეს „თუ არადა, სტიპენდია არ გექნება“.
არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა. დღეს აქ ის საზოგადოება, ის ქართველები არიან, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში.
დღეს აქ ხვალინდელი და გუშინდელი საქართველო დგას. გუშინდელს რომ ვამბობ, არა ის, რომელიც ჩაძირული იყო საბჭოთა კლანჭებში, არამედ ის თავისუფალი საქართველო ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი ღირსეული ისტორიისა. ის საქართველო და ეს საქართველო ერთია და ორივე ერთად შევა ევროპაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტებს, მაია სანდუსა და ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე, საქართველოს პარტნიორებს მიმართა. დღეს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი ტარდება.
„მაია, დღეს იმედი მაქვს, შენი გამარჯვების და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე იქნება. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში! ასევე, მინდა მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენთვის იბრძვის და გამარჯვებული იქნება და ერთად შევალთ ევროპაში.
მინდა, მივმართო ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და ისეთი მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როცა შევალთ ევროპაში. და შევალთ ევროპაში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
დღეს, 20 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, თბილისში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა აქციაში, სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. ხუთი სხვადასხვა ადგილიდან, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მსვლელობის შემდეგ, მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც კონცერტი გაიმართა. მსვლელობა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ იყო ორგანიზებული. მას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მხარდამჭერებიც შეუერთდნენ.