მიხეილ სააკაშვილმა ჩრდილოეთ კავკასიის ერებს მიმართა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ჩრდილოეთ კავკასიის ერებს მიმართა და გააქტიურებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა „მოსკოვის რეჟიმის უკიდურესი სისუსტე“ აჩვენა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დრო მოვიდა! მივმართავ ყველა თავისუფლებისმოყვარე ერს და მოქალაქეს რუსეთის იმპერიისა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დაიმონა კავკასია, რომელმაც გაანადგურა მთელი ერები და აგრძელებს კავკასიელების გენოციდს და რუსიფიკაციას და რომელიც საკუთარი არსებობის ბოლო თვეებს ითვლის. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის იმ მილიონობით გმირის სულისკვეთება, რომელთათვისაც თავისუფლება წარმოადგენდა უმაღლეს ღირებულებას და რომლების ამ გენეტიკური კოდის ჩახშობასაც რუსეთის იმპერია მუდამ ცდილობდა ჩვენში“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მის ოფიციალურ Facebook-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

სააკაშვილის წერს, რომ აუცილებელია, მოიძებნოს მთელი კავკასიის გაერთიანების გზები გამარჯვებულ უკრაინაზე და მთელს ევროპაზე გასასვლელად.

„დადგა დრო ყველას გააქტიურებისთვის. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვაჩვენა მოსკოვის რეჟიმის უკიდურესი სისუსტე. აღადგინეთ ძველი და შექმენით წინააღმდეგობის ახალი უჯრედები, გაააქტიურეთ თქვენი კავშირები დიასპორებთან და მათი მეშვეობით და რა თქმა უნდა უკრაინის მეშვეობით, მოდით, ერთად შევამზადოთ დემოკრატიული სამყარო ჩრდილოკავკასიელი ერების თავისუფლებისათვის. ჩვენ ვალდებული ვართ გავდოთ ხიდები ერთმანეთთან, რათა რუსეთის რღვევის პროცესი კავკასიაში გავხადოთ მაქსიმალურად არაძალადობრივი და ავიცილოთ თავიდან შემდგომი კონფლიქტები“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი მიმართვის ადრესატებს სთავაზობს შეიქმნას თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნო კიევში და დარწმუნებულია, რომ უკრაინის ხელისუფლება ამ წამოწყებას მხარს დაუჭერს.

„როგორც კი პუტინის რეჟიმი დაეცემა, საქართველოში სწრაფად გამოიცვლება ხელისუფლება. აგრეთვე, სამხრეთ კავკასიაში უკვე გაჩნდა აზერბაიჯანის და სომხეთის შერიგების პერსპექტივები. ამიტომ ჩვენ ძალიან სწრაფად მივიღებთ სრულიად განსხვავებულ, გაერთიანებულ სამხრეთ კავკასიას“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა“, აპირებს „ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად“.

მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ახლა უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ერთ წელზე მეტია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. სააკაშვილი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება და პუტინის ტყვეა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.