ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ - მიხეილ სააკაშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს. მის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელდა. სააკაშვილი ამბობს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს გუშინდელი სხდომაბოლო წვეთი იყო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში. საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე.

მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად. უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კიარ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოვოთ, მათ შორის, ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით.

დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“, სადაც ფიზიკურად შევძლებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი ყველა ეროვნულ, ანტირუსულ, ევროპულ ძალას, მათ შორის, მის მიერ დაფუძნებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ერთიანობისკენ მოუწოდებს.

გუშინ, 15 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით წარდგა და კითხვა-პასუხის დროს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომს „ლაჩრულად წაგებული ომი“ უწოდა.

უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერმა წევრებმა რიჟვაძეს შეკითხვები აჭარაში რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი რაოდენობისა და ამით გამოწვეული საფრთხეების შესახებ დაუსვეს.

„დიახ, მომატებულია ტურისტების რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, რომელიც პანდემიამდე იყო საკმაოდ წარმატებული სეზონი. გაორმაგებულია როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ასევე, შემოსავლების მოცულობა და მინდა, გითხრათ, რომ ამ საერთო ხვედრით წილში, მათ შორის, იმ ქვეყნის მოქალაქეებიცაა, რომლებსაც 2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით, ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა“, - თქვა თორნიკე რიჟვაძემ. მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „გაქცეული მხედართმთავრების მიმდევრებად“ და „მიშათმავლებად“ მოიხსენია.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტი იყო და ახლა უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ერთ წელზე მეტია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. სააკაშვილი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება და პუტინის ტყვეა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.