რუსეთის საპატრიარქომ გამოაქვეყნა გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრია გვაზავას წერილი, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, კიევ-პეჩორის ლავრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ეკლესიის მიტროპოლიტ ონოფრეს მხარდაჭერას უცხადებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე 2 აპრილს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საქართველოს საპატრიარქოს იერარქი გამოეხმაურა ზაპოროჟიეს და მელიტოპოლის მიტროპოლიტ ლუკასგან მიღებულ შეტყობინებას, რომელშიც ის „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე ზეწოლისა და დევნის შესახებ“ წერდა.
მეუფე ანდრიას თქმით, ქართული ეკლესია ღრმად დამწუხრებულია უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენებით.
„ჩვენდა სამწუხაროდ, ამავე დროს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალმილიონიანი სამწყსოს მდგომარეობა უფრო მძიმდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განსაცდელის სიმძიმით. ბევრი მორწმუნე პარალელს ავლებს ბოლშევიკების დროს ეკლესიის დევნასთან“, - ციტირებს მოსკოვის საპატრიარქო მეუფე ანდრიას სიტყვებს.
მიტროპოლიტი ხაზს უსვამს, რომ „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე მიმდინარე ძალისმიერი ზემოქმედება მიუღებელია როგორც სასულიერო, ისე სამოქალაქო კანონმდებლობით“.
„აღვავლენთ ლოცვას ღვთის წყალობისა და თქვენი ქრისტესმოყვარე სამშობლოსთვის მშვიდობის უსწრაფესად მოსანიჭებლად, ეკლესიისა და ხალხის ერთიანობისთვის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა წევრის, მისი უნეტარესობა მიტროპოლიტ ონოფრეს მეთაურობით, სინოდის წევრების, თანამსახური ძმების და მორწმუნე ხალხის, სულისა და სხეულის განმტკიცებისთვის“, - ნათქვამია მიტროპოლიტ ანდრიას წერილში.
წლების განმავლობაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფოს კუთვნილ „კიევ-პეჩორის ლავრაში“ იჯარის საფუძველზე იყო განთავსებული. უკრაინის სახელმწიფოსა და მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ეკლესიას შორის საიჯარო ხელშეკრულებას ვადა 29 მარტს ამოეწურა. ხელისუფლებამ სასულიერო პირებს ტერიტორიის დატოვებისთვის ვადა 30 მარტამდე მისცა, მაგრამ ლავრიდან თითქმის არავინ წასულა. ლავრაში არ შეუშვეს უკრაინის კულტურის სამინისტროს კომისია, რომელსაც ქონების აღწერა უნდა დაეწყო. 2 აპრილს, კვირას, მიტროპოლიტმა ონოფრემ კიევ-პეჩორის ჯვრის ამაღლების ტაძარში წირვაც ჩაატარა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ სასამართლოში იჩივლეს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ლავრის დატოვებას არ აპირებენ.
უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა თქვა, რომ სასულიერო პირებს ლავრიდან ძალის გამოყენებით არ გამოიყვანენ: „ეს ჩვენი სახელმწიფოს საკუთრებაა, რომელიც არსებული ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტების საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის კანონები არ უნდა შეასრულოს, ძალიან ცდება. არანაირ ძალას არ გამოვიყენებთ, ნელ-ნელა ისინი თავისით წავლენ“.
მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში არსებულ მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინაში პრორუსული განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებენ, რასაც ეკლესია უარყოფს და აცხადებს, რომ დამოუკიდებელია. პირველ აპრილს კიევის სასამართლომ კიევ-პეჩორის ლავრის ყოფილ მმართველ პავლეს, რომელიც რელიგიური სიძულვილის გაღვივებასა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლებაშია ეჭვმიტანილი, აღკვეთის ღონისძიების სახით, 30 მაისამდე შინაპატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ პავლე მორწმუნეებთან ურთიერთობის დროს შეიარაღებულ აგრესიას ამართლებდა და უარყოფითად მოიხსენიებდა უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, რასაც მისი მრევლის მიმართ, შესაძლოა, აგრესია გამოეწვია.
26 მარტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველს წერილით მიმართა და სთხოვა, უკრაინის ეკლესიაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას ხელი შეუწყოს. როგორც ილია მეორე წერს, „ის ფაქტი, რომ უნეტარესი ონოფრე სინოდალური გადაწყვეტილებით გაემიჯნა რუსეთის ეკლესიას და გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა მოლაპარაკებებისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია“.
„დღეს არსებული მდგომარეობით, მიტროპოლიტ ონოფრეს ჩამოერთვა კიევ-პეჩორის ლავრა, პრობლემებია მის იურისდიქციაში არსებულ სხვა ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებითაც. ფაქტია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი მხრიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა“, - ნათქვამი იყო ილია მეორის წერილში.
უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესიაა - მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში არსებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც ავტოკეფალიის ბოძების ტომოსი მსოფლიო პატრიარქისგან 2019 წელს მიიღო. უკრაინის ავტოკეფალია აღიარეს ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოს, ასევე, ელადისა (საბერძნეთის) და კვიპროსის ეკლესიებმა. უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას მიტროპოლიტი ეპიფანე ხელმძღვანელობს.
ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მაისის ბოლოს, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადა, თუმცა მისი შემადგენლობიდან არ გამოსულა. მიტროპოლიტმა ონოფრემ თქვა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია პირველივე დღიდან გმობდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას, თუმცა მათი ხმა არ იქნა გაგებული.