მივმართავთ სამხარაულის ცენტრს, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა - ბრეგაძე სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„დილით მივმართავთ სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს იმისთვის, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“,- განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააკეთა განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, რომელიც მსგავსი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, რომ გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და მოიტანონ შესაბამისი მტკიცებულებები. მსგავსი დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის წარუდგენია და საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ არასწორი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა და მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ 19 ნოემბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მოწამლულია და უცხოელმა ექსპერტებმა მის ორგანიზმში ვერცხლისწყალი და სხვა მძიმე მეტალები აღმოაჩინეს.

„ვერცხლისწყალი იყო. იქ ჩამონათვალია, რა შეიძლება, გამოიწვიოს ვერცხლისწყლის გარკვეულმა დოზამ. როგორ მოხვდა, რა თქმა უნდა, უცნობია. ინტოქსიკაციაა ესეც და იძლევა საფუძველს, რომ დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული. მხოლოდ ხელოვნურად შეიძლებოდა მოხვედრილიყო იმიტომ, რომ ადამიანი მარტო, იზოლირებულად არის, თავად ვერ გადაყლაპავდა. ეს არის იმის საფუძველზე, რა გამოკვლევებიც მიღებულია“, - თქვა გიული ალასანიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

საქმე ეხება ცენტრი „ემპათიის“ მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდომარეობის შესაფასებლად დაცვის მხარის მიერ არის დანიშნული. ექსპერტიზაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად, უცხოელი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ.

ცენტრი „ემპათიის“ დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, სააკაშვილის დიაგნოზები მძიმეა და ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს. ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ მისი დიაგნოზები, რომელიც ძირითადად პატიმრობაში განვითარდა, შეუთავსებელია პატიმრობასთან.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ერთი წლის წინ დაბრუნდა და 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, თბილისში დააკავეს.

სააკაშვილი დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე.

სააკაშვილი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მან დაკავების დღესვე შიმშილობა გამოაცხადა. ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ხალხმრავალი აქციების შემდეგ, ჯერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, შემდეგ ისევ ციხეში დააბრუნეს. 12 მაისიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ სამედიცინო კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჯახის წევრები სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას და მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

ოქტომბერში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების საქმეების გადახედვისა და მათი გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა. ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში ასეთ პოლიტპატიმრად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაასახელა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.