ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების საქმეების გადახედვისა და მათი გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა. ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში ასეთ პოლიტპატიმრად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაასახელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთში რეპრესიები მატულობს, დემოკრატიულ ფიგურებს დევნიან ან კლავენ, ოპოზიციური პარტიების სისტემა განადგურებულია, მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი, ბევრი მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია დაიხურა.
„ბოლო წლებში მიღებული მრავალი დრაკონული კანონის მიუხედავად, ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციებმა და საპროტესტო აქციებმა მთელ ქვეყანაში იფეთქა. ყველაზე გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა შორის, რომლებსაც ომის წინააღმდეგ კრიტიკის გამოთქმისთვის დევნიან, არის ვლადიმერ კარა-მურზა, რომელიც 2022 წლის აპრილიდან დაკავებულია. 2022 წლის 10 ოქტომბერს, ასამბლეას ერგო პატივი, ბატონი კარა-მურზასთვის 2022 წლის ვაცლავ ჰაველის პრემია მიეცა, რითიც დაადასტურა მხარდაჭერა მისი გამბედაობისა და მშვიდობიანი, დემოკრატიული რუსეთის შესაქმნელად ბრძოლის მიმართ. ასამბლეა რუსეთის ხელისუფლებას ვლადიმერ კარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ასამბლეა ასევე მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტპატიმრების (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის), საქმეების გადახედვისა და მათი გათავისუფლებისკენ“, - ვკითხულობთ რეზოლუციაში.
რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიის ესკალაციას ეხება და რომლითაც რუსეთის მოქმედი რეჟიმი ტერორისტულად არის გამოცხადებული, კენჭისყრაში მონაწილე 100 პარლამენტარიდან 99-მა დაუჭირა მხარი. მასში პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების საქმეების გადახედვისა და გათავისუფლების შესახებ ჩანაწერს მხარი 56-მა წევრმა დაუჭირა, 27 კი წინააღმდეგი იყო.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ PACE-ს რეზოლუციას უსამართლო უწოდა: „56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ზოგადად სამწუხარო მოვლენა, თუმცა არაფერი გვიკვირს ჩვენ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა 300-ზე მეტი ხმით მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია რამდენიმე თვის წინ“, - განაცხადა მან.
კობახიძის თქმით, 56 პარლამენტარიდან ძალიან დიდი ნაწილი უკრაინული დეპუტაცია იყო, რაც, როგორც ის ამბობს, „განსაკუთებით სამწუხარო და გულსატკენია“, რადგან საქართველო „აბსოლუტურად ყველა ფორმატში, პოლიტიკურად“ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის აგრესიას.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2004-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტი იყო, ამჟამად უკრაინის მოქალაქეა. ის საქართველოში ერთი წლის წინ დაბრუნდა და 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, თბილისში დააკავეს.
სააკაშვილი დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე.
სააკაშვილი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მან დაკავების დღესვე შიმშილობა გამოაცხადა. ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჯერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ, შემდეგ ისევ ციხეში დააბრუნეს. 12 მაისიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ სამედიცინო კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჯახის წევრები სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას და მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.