ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 3 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 4 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 5 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
- 6 მოიპოვებენ თუ არა საქართველოში ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედებს იძულებით
რეზოლუციაში, რომელიც დღეს ერთხმად იქნა მიღებული, PACE-ს წევრებმა დაადასტურეს სრული მხარდაჭერა უკრაინისადმი. ასამბლეა გამოდის მოწოდებით, შეიქმნას „ყოველმხრივი სისტემა“ რუსეთის ფედერაციის და მისი ხელმძღვანელების პასუხისგებაში მისაცემად უკრაინაში აგრესიის და ამ კონტექსტში ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის გამო.
ასამბლეა ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დააჩქარონ სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა, რუსეთის მოქმედი რეჟიმი ტერორისტულად აღიარონ და უკრაინას აუცილებელი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ.
რეზოლუციისთვის კენჭისყრამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა და თქვა, რომ გაერთიანებული ევროპა ისტორიაში არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც ახლაა.
„ევროპა გაცილებით ძლიერია, ვიდრე ვინმე ფიქრობდა. პოტენციურად ჩვენი შესაძლებლობა დავიცვათ თავისუფლება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, სოციალური სამართლიანობა უფრო ძლიერია, ვიდრე გვგონია.
ევროპას შეუძლია ისტორიული როლი შეასრულოს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური კომისიის შექმნაში. მოდით, ეს გავაკეთოთ. ეს იქნება საუკეთესო გზა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დასაცავად.
ევროპას შეუძლია გახდეს ლიდერი ამ ომით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის ძალისხმევაში. ჩვენ უნდა შევქმნათ შესაბამისი საკომპენსაციო მექანიზმი და ჩვენ გთავაზობთ მისი შექმნის გზას. უკრაინის მიერ უკვე მომზადებულია შესაბამისი პროექტი. გთხოვთ, მას მხარი დაუჭიროთ ევროპაშიც და გაეროს გენერალური ასამბლეის დონეზეც. მით უმეტეს, რომ სწორედ ევროპაშია კონცენტრირებული რუსული აქტივების ლომის წილი - როგორც თავად სახელმწიფოსი, ისე კორუფციონერების და აგრესორ სახელმწიფოსთან დაკავშირებული კორუმპირებული ბიზნესის. რუსული აქტივები მიმართული უნდა იქნეს ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის გზა მშვიდობისკენ არის ევროპული გზა: „დიალოგის და პრინციპულობის გზა, ომში დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის და ზარალის ანაზღაურების გზა არის გზა გამარჯვებისკენ. ის გაცილებით უფრო მოკლეა, ვიდრე ჩანს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ დიალოგიც იქნება გულწრფელი - იმათ შორის, ვინც ნამდვილად აფასებს თავისუფლებას და რომ სიტყვა „დიალოგით“ არ შეინიღბება ომზე თვალის დახუჭვის სურვილი“.
რუსეთი ტერორიზმის მხარდაჭერ სახელმწიფოდ უკვე აღიარებულია ლიეტუვის და ლატვიის საკანონმდებლო ორგანოების მიერ. ეს საკითხი განიხილება ესტონეთის პარლამენტშიც.
ევროსაბჭო 46 ქვეყანას აერთიანებს. საქართველო ევროსაბჭოს წევრია 1999 წლიდან.
