მოძალადე და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ლისის ტბის მიმდებარედ, სადაც დღეს დახურული ღონისძიება - „პრაიდის ფესტივალი“ უნდა გამართულიყო, პოლიციის კორდონების გარღვევა მოახერხეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალყაში მოქცეული ტერიტორიიდან ფესტივალის ორგანიზატორების ევაკუაცია განახორციელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშუტო ტაქსებით“;
„დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება „ალტ-ინფოს“ შორის“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებებში.
მანამდე, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ კვარაცხელიამ დახურულ ღონისძიებაზე რეგისტრირებულ მონაწილეებს მოუწოდა, ფესტივალზე არ მისულიყვნენ. მისი თქმით, იქ განვითარებული მოვლენების შედეგად არავინ არის დაშავებული.
„პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლის მიზნით მოქალაქეები სხვადასხვა მოძალადე და ჰომოფობიური ჯგუფის, მათ შორის, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ და ვატო შაქარიშვილის მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ მოწოდებით მობილიზდნენ. რამდენიმე ასეული ადამიანი ვაჟა-ფშაველას ძეგლთან დილიდან შეიკრიბა და მსვლელობით ლისის ტბისკენ დაიძრა. მსვლელობაში მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ.
ძალადობრივი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლას სხვადასხვა მიმართულებიდან ცდილობდნენ. ისინი პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ და მაქსიმალურად მიუახლოვდნენ ფესტივალისთვის შემოსაზღვრულ ადგილს.
„პრაიდის ფესტივალი“ ლგბტქ+ თემის მიერ ორგანიზებული დახურული ღონისძიებაა, რომელსაც „თბილისი პრაიდის“ კვირეული უნდა დაეხურა. ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფები ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის ქუჩებში ე.წ. გეი პარადის ჩატარება იყო დაგეგმილი და ამ გზით მოქალაქეების მობილიზებას ცდილობდნენ, მათ შორის რეგიონებიდანაც. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის დანაყოფები მობილიზებულნი იქნებოდნენ ყველა საჭირო ლოკაციაზე და მართლწესრიგსა და უსაფრთხოებას დაიცავდნენ.

