მოსამართლემ 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 19 წლის სტუდენტი საბა ჯიქია დამნაშავედ ცნო პოლიციელზე თავდასხმაში და მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

განაჩენის გამოცხადებამდე, საბა ჯიქიამ ბოლო სიტყვა წარმოთქვა:

„მეგობრებო, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის, გულშემატკივრობისთვის. ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ეს მოტივაციაა და იმის შეხსენება, რომ მარტო არ ვართ.

„მეგობრებო“ ცოტა მარტივი ნათქვამია, უკვე დიდი ხანია, ერთ ოჯახად ვიქეცით, ერთი მიზნის ირგვლივ. ეს მიზანი კი რუსული რეჟიმის თავიდან მოშორებაა, რისთვისაც შეუპოვრად ვიბრძვით.

ჩვენთვის, ოთხ კედელში გამომწყვდეულებისთვის, რთულია იმის ყურება, თუ როგორ ცდილობენ, იძალადონ თქვენზე ყველანაირი მეთოდით, როგორ ცდილობენ, ჩაახშონ თავისუფალი აზრი. მაგრამ ვხედავთ იმასაც, როგორ იცავთ ერთმანეთს, ვხედავთ უფრო მეტ თავისუფალ აზრს, რაც გვაძლევს იმედს, რომ რაღაც იქნება...

პროცესებზეც იმიტომ დავდივართ, 5-6 საათი ვიცდით მოსაცდელ საკანში, რომ ვიცით, თქვენ აქ გველოდებით და ჩვენც გაჩვენოთ, რომ არ შეგვშინებია, არ გავმტყდარვართ.

თუმცა მაინც მაქვს შინაგანი შიში. მე მეშინია დამარცხების, რადგან არ მინდა, მომავალმა თაობებმა ამ მარცხის გამო გაგვკიცხონ.

მე მეშინია დამარცხების, რადგან არ მინდა, რომ ბავშვები უსამართლო ქვეყანაში და დიქტატურაში გაიზარდონ. ამიტომ რითიც შევძლებ, სადამდეც შევძლებ, ვიბრძოლებ ბოლომდე.

19 წლის ბიჭისგან ამის მოსმენა უცნაურია, მაგრამ ეს ასეა, ჩემო მეგობრებო, მე არ დავნებდები.

დიდად არ მახარებს ის ფაქტი, რომ 4-დან 7 წლამდე ციხეში აბსურდული ბრალდებით მიწევს წასვლა და ახალაგზრუდული წლების ციხეში გატარება, მაგრამ ჩემს დაპატიმრებას თავისი დადებითიც ჰქონდა, დიდი ოჯახი შევძინე, მაგარი ბიჭები გავიცანი, გავიგე თავისუფლების ფასი, რა მდგომარეობაა ქვეყანაში.

და ყველაზე მაგარი რაც არის, შვილიშვილებისთვის მექნება ძალიან მაგარი ისტორია მოსაყოლი, მოყოლა კი არ შემრცხვება, რადგან ვიცი, ისტორიის სწორ მხარეს ვდაგავრ“.

საბა ჯიქია 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა მას პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლისთვის ფეხის ჩარტყმას ედავებოდა.

საბა ჯიქია თავს დამნაშავედ არ ცნობს. თავად დაზარალებულად ცნობილმა სპეცრაზმელმა, ბექა გოტიაშვილმა სასამართლოში გამოკითხვის დროს თქვა, რომ დაზიანება არ მიუღია.

„დღევანდელი პროცესი იყო იმის წყალგამყოფი, თამარ მჭედლიშვილს შეუძლია თუ არა, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს. ჩვენ ვნახეთ, რომ ის გავიდა სათათბიროდ და მე განზრახ ვამოწმებდი, რასაც კითხულობდა, იმ ტექსტის დაწერას რა დრო დასჭირდებოდა. ქალბატონი თამარი უკვე დაწერილი განაჩენით მოვიდა“, - განაცხადა ჯიქიას ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა. 

ერთი კვირის წინ, 3 ივლისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი მინდაძეს. მანამდე, 12 ივნისს, იგივე მოსამართლემ დამნაშავედ ცნო 21 წლის მათე დევიძე და მას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.