მოვიდეს ივანიშვილი... ახალი არჩევნების თარიღი 29 დეკემბრამდე უნდა შეთანხმდეს - პრეზიდენტის მიმართვა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. გამოსვლის დროს, რომელიც სავარაუდოდ ხელოვნურად შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო შეფერხდა, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ორბელიანების სასახლეში ელოდება ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე სასაუბროდ.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს არის ძალიან სიმბოლური ადგილი, სადაც ახლა ვდგავარ თქვეს წინაშე - აქ, ამ სკოლაში სწავლობდა მამაჩემი, ჩემს ზურგს უკან ილია და აკაკი გვიყურებს და უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც უკვე დაიბადა - თქვენით, რომელიც ხვალ, ზეგ ძალიან ძლიერი და ევროპული საქართველო იქნება. ამას ვერავინ გააჩერებს!

მართალია, თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი ხართ“. მართალია, დაგვიპატიმრეს სცენა თუ მიკროფონები - ყველაფერი რაც შეიძლებოდა და ორჯერ. მართალია, რომ მე მალე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია? არ გვეშინია, რადგან აქ მხოლოდ სიყვარული სუფევს. ვინც ამბობს, რომ აქ იბადება ვინმესთან დაპირისპირება, ეს კიდევ ერთი ტყუილია ბევრ ტყუილს შორის. აქ სუფევს მხოლოდ მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება.

დღეს აქ მრავალ მარშს შორის მოდიოდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც იყო „ანწუხილიძის მარში“ და სწორედ ანწუხელიძის წინაშე ვარ მე ვალდებული, ხართ თქვენ ვალდებული, რომ იყოთ იმ საქართველოს ერთგული, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დადო...

ანწუხელიძესთან ერთად არის უამრავი გმირი, რომლის გამოც ჩვენ აქ ვდგავართ, თორემ არ ვიქნებოდით, საქართველო არ იქნებოდა, მაგრამ საქართველოს არასოდეს არ ეგუება, არასოდეს არ თმობს, როდესაც მართალია. და მართალია საქართველო, მართალი ხართ თქვენ.

მე მინდა გითხრათ რას გავაკეთებთ, პირველ რიგში, მე რას გავაკეთებ. 

მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის, რომელის წინაშე ფიცი დავდე ექვსი წლის წინ. ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო და მე შემიძლია მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული.

მე ვიქნები ერთგული ქართული ჯარის, ვეტერანების, რომლებიც დღეს აქ მოდიოდნენ და ჯარის, რომელიც იცავს საქართველოს, რომელიც თვითონ არის ერთგული პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს და გააძლიერეს საქართველოს ჯარი. მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი.

მე ვარ და ვიქნები ერთგული ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არამხოლოდ ამ ხალხის. არავინ ჩათვალოს, რომ მე ყველას პრეზიდენტი არ ვარ - ვარ და ვიქნები!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რის შემდეგაც მიკროფონი გაითიშა. მან სიტყვა მეგაფონის გამოყენებით გააგრძელა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, თავის მიმართვას ხვალ, საღამოს, ორბელიანების სასახლიდან გაავრცელებს. „აქ არამხოლოდ სცენა, არამედ, როგორც ჩანს, ხმაც დამიპატიმრეს“, - აღნიშნა მან.

ფოტო: Ezz Gaber / Facebook

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები „არა მხოლოდ არ შედგა“, არამედ „არ არის არავისგან აღიარებული“ და საქართველოს „არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური ხელისუფლება“ ჰყავს.

„ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც უნდა გამოსვლა პოლიტიკური გზით ღრმა კრიზისიდან, არის ახალი არჩევები.

ამიტომ, მე რომელიც აქ ვარ და აქ ვიქნები, ვეპატიჟები ივანიშვილს, ვეპატიჟები მისი პარტიის... კობახიძეს, პაპუაშვილს და კიდევ ვინც უნდა... ვეპატიჟები იმ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და ვეპატიჟები იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს. მოდით ორბელიანების სასახლეში. მობრძანდით და მოვილაპარაკოთ. ოღონდ, სალაპარაკო მხოლოდ ერთი არის - როდის და როგორ უნდა დავნიშნოთ არჩევნები. ამ მოლაპარაკებისთვის ცოტა დრო არის.

ისაც უნდა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად დასრულდეს, მოვიდეს სასახლეში.

მოვიდეს ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს. მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29 დეკემბრამდე.  

29-მდე ჩვენ ყველას გვაქვს დიდი შანსი, რომ ეს ქვეყანა წინ წავწიოთ, რომ ამ ქვეყნიდან მთელ მსოფლიოში წავიდეს დემოკრატიის, შერიგების, წინსვლის მაგალითი. ველოდები პასუხს“, - თქვა ზურაბიშვილმა.

რუსთაველის გამზირზე დღეს ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა, რომელიც პარლამენტის შენობის წინ 21:00 საათზე იყო დაანონსებული, 50 წუთის დაგვიანებით, პირველი გიმნაზიის წინ დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ სცენის დამონტაჟების ნებართვას არ იძლეოდა. გარდა ამისა, აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ავტომობილი, რომლთაც  სცენა და ტექნიკური საშუალებები რუსთაველის გამზირზე მიჰქონდათ, პოლიციამ გააჩერა და საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანა. ზურაბიშვილის გამოსვლისთვის საჭირო აღჭურვილობა რუსთაველის გამზირამდე მეორე მანქანით და მოქალაქეების დახმარებით მიიტანეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.