თბილისის საქალაქო სასამართლომ მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გიორგი ბეროზაშვილი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა წლების მანძილზე მშობლებთან პირადი კონფლიქტისა და უთანხმოების გამო მათი მოკვლა განიზრახა და უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი. 2022 წლის 27 აპრილს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახის სხვა წევრების სახლიდან წასვლას დაელოდა, რის შემდეგაც მამის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე მამას თავის არეში ესროლა. შემდეგ კი მის მიერ უკანონოდ შეძენილი, სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან, მძინარე დედას ასევე თავის არეში მიაყენა ჭრილობა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ.
მკვლელობის შემდეგ, კვალის წაშლის მიზნით ბრალდებულმა სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და ბუნებრივი აირის ონკანი გახსნა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2022 წლის 28 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.
გიორგი ბეროზაშვილს თავდაპირველ ჩვენებაში დანაშაული აღიარებული აქვს. სასამართლო პროცესზე კი ბრალდება უარყო. „ბენზინის კვალი სახლში აღმოჩენილ იქნა ფაქტობრივად ყველგან. ერთი წვეთი ბენზინის კვალი არ არის აღმოჩენილი არც ჩემს ტანსაცმელზე, არც ჩემს სხეულზე. ორ იარაღზე მედავება პროკურატურა, ორი იარაღით ისროლეო და დენთის კვალი არ არის ამოსული არც ჩემს ხელებზე, არც სახეზე. ასევე, გარდაცვლილი დედის ადგილმდებარეობაზე პროკურატურა მედავება, რომ დედაჩემი ლოგინშია მოკლული და მერე არის გადმოყვანილი იატაკზე. ლოგინზე სისხლის კვალი არ არის აღმოჩენილი და დედაჩემის ტანსაცმელზე, თუ ლოგინიდან მე გადმოვიყვანე, ჩემი კვალი არ არის აღმოჩენილი“, - განაცხადა ბრალდებულმა, ვიდრე მას სასამართლო განაჩენს გამოუტანდა.
პროკურორმა ბრალდებულის მიერ დანაშაულის უარყოფა მოსალოდნელი სასჯელის შიშით ახსნა. მისი განცხადებით, საცხოვრებელი სახლიდან წაღებული ნივთები ამოღებულია გიორგი ბეროზაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან, მკვლელობის იარაღები ამოღებულია მათი ოჯახის კუთვნილი ავტოფარეხიდან. „მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ გიორგი ბეროზაშვილმა ჯერ კიდევ 2022 წლის 27 აპრილს, პოლიციის თანამშრომელს უთხრა ზუსტი ლოკაციები და ზუსტი იარაღები, რა იარაღებიდან იყო გასროლა როგორც მამის, ისე დედის მიმართ. სამედიცინო, ბალისტიკური და სხვა ექსპერტიზის დასკვნებით, გიორგი ბეროზაშვილის ნათქვამი დეტალურად დადასტურდა“, - აღნიშნა პროკურორმა.
მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით გაათავისუფლოს მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და რომელმაც ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და წარმატებით გაიარა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა.