„მთავარ არხზე“ შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

დღეს, 15 თებერვალს, „მთავარი არხის“ ეთერში გადაცემები, მათ შორის საინფორმაციო გამოშვებები, პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებით მიხედვით, მიზეზი არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისია. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ამ დროისთვის „მთავარი არხის“ ეთერში მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები გადის.

„ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ აღარ გვაქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები“, - აცხადებენ ტელეკომპანიაში.  

პირდაპირ ეთერში ვერ გავა საინფორმაციო გამოშვებები, სპეც-ეთერები და გადაცემები - „პოსტ-ფაქტუმი“, „მთავარი შაბათს“, „დღის სტუმარი“, „განსხვავებული აქცენტები“, „ღამის მთავარი“, „შენი დილა“, „შენი შუადღე“, „ლიტერატურული სამკუთხედი“ და „მთავარი მსოფლიოში“.

როგორც ტელეკომპანიაში განმარტავენ, აგრძელებენ მუშაობენ იმისთვის, რომ სრულყოფილი ეთერის აღსადგენად ალტერნატიული სახსრები გამონახონ.

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ დეკემბერში განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც „ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება“ და დახუროს „მთავარი არხი“.

უკვე იანვრის ბოლოს ტელეარხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „მთავარი არხი“ გაითიშა ყველა მომხმარებლისთვის, რომლებიც სიგნალს საქართველოს რეგიონებში ან საზღვარგარეთ სატელიტის საშუალებით იღებდნენ.

„მიზეზი მარტივია - ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორი, გოგი ქურდაძე უარს ამბობს სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის იმ თანხის გადარიცხვაზე, რომელიც უკვე თვეების განმავლობაშია დაგროვილი გაყიდვების სახლის ანგარიშზე. უფრო მეტიც, ოქუაშვილის დირექტორი საერთოდ არ იძლევა ამ თანხების არხის სასარგებლოდ გამოყენების უფლებას“, - ნათქვამი იყო არხის განცხადებაში.

„მთავარი არხის“ განცხადებითვე, 2025 წლიდან ეთერში აღარ გადის რეკლამა და არხმა დაკარგა ყველა სპონსორი, გაყიდვების სახლთან კონტრაქტის ამოწურვის გამო.

ზაზა ოქუაშვილი ამბობდა, რომ არხის დახურვის გადაწყვეტილება მას არ მიუღია. ის არის მოქმედ და ყოფილ გენერალურ დირექტორებს „მთავარი არხის“ გაძარცვასა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანაში სდებს ბრალს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.