„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ არხის დახურვის გადაწყვეტილება მას არ მიუღია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 3 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
„გიორგი გაბუნიას ეს განცხადება არის ცილისწამება ჩემს მიმართ და ნიკა გვარამიას გეგმის ნაწილი, რათა მათი საქმე და ინტერესი შეფუთული იყოს ისე, როგორც გიორგი გაბუნიამ წარმოადგინა“, - ნათქვამია ზაზა ოქუაშვილის განცხადებაში, რომელიც სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა.
ოქუაშვილის განცხადებით, გიორგი გაბუნიას მიერ „მთავარ არხთან“ დაკავშირებული „პრობლემური საკითხის“ საჯაროდ გამოტანა მოულოდნელი იყო, რაც „არხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია“.
„არხთან დაკავშირებით არავითარი ხელშემშლელი ან მიმდინარე პერიოდში რაიმე ნაბიჯი ჩემი, როგორც პარტნიორის მხრიდან არ გადადგმულა, ხოლო პრეტენზიები, რომლებიც არსებობს არხის მენეჯმენტის მიმართ რამდენიმე თვეა, იგივეა.
სულ რამდენიმე დღის წინ, მქონდა კომუნიკაცია ჟურნალისტთა ჯგუფთან და მათაც ვუთხარი, რომ მიუხედავად ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მხრიდან „მთავარი არხის“ გაძარცვისა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია.
მეტიც, ჩემს მიერ გამოითქვა მზადყოფნა, შესაბამისი მხარდაჭერა აღმოვუჩინო არხს მისი საჭიროებების უზრუნველსაყოფად“, - აცხადებს ოქრუაშვილი.
მისი თქმით, „მთავარი არხის“ პრობლემა არის ის, რომ დირექტორებმა - ჯერ ნიკა გვარამიამ და შემდეგ გიორგი გაბუნიამ - „ტელეკომპანია მიიყვანეს გაკოტრებამდე“. ზაზა ოქუაშვილი არხის ხელმძღვანელებს ფულის გათეთრებაშიც სდებს ბრალს.
„მათი საქმიანობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება ამოეფარო მედიას და ძარცვო ტელეკომპანია თანამშრომელთა მოთმინებისა და ქვეყანაში მიმდინარე ვითარების ხარჯზე, გამოიყენო და გადააქციო ტელევიზია საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად“, - ამბობს ბიზნესმენი.
ზაზა ოქუაშვილის თქმით, პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ რამდენიმე მიმდინარე საერთაშორისო დავა აქვს, რის გამოც „კომიკური და ლოგიკას მოკლებულია“ გიორგი გაბუნიას მიერ გამოთქმული „ცუდად შეფუთული ბრალდება“ ივანიშვილთან მისი რაიმე კავშირის შესახებ.
„მე პირიქით დავსვამდი შეკითხვებს ნიკა გვარამიას უხვი და დაუბრკოლებელი დაფინანსების წყაროებისა და საკითხს „მთავარ ოპოზიციურ პარტიად“ ქცევის შესახებ. როგორც ჩანს „მთავარი არხის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები ხელსაყრელ მომენტს ეძებდნენ და ამისათვის სამწუხაროდ შეარჩიეს სწორედ ის მძიმე პერიოდი, რომელიც დღეს საქართველოში დგას“, - ამბობს ოქუაშვილი.
ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ სურს, „არხმა შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა სრული შემადგენლობითა და მენეჯმენტით, რომელიც არ ეცდება ტელეკომპანიის ხარჯზე პირადი სიმდიდრის დაგროვებას“.
11 დეკემბერს, გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანიის თანამშრომლებთან ერთად ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილი „მთავარ არხს“ ხურავს. გაბუნიას მტკიცებით, ოქუაშვილი ამას რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის გოგი ქურდაძის მეშვეობით აკეთებს, რომელიც „ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში“. როგორც გიორგი გაბუნიამ თქვა, „მთავარი არხი“ უკვე დარჩა ფინანსური წყაროების გარეშე და ნელნელა წყდება გაფორმებული კონტრაქტებიც, რაც, საბოლოოდ, არხის მუშაობას შეუძლებელს გახდის. არხის გენერალური დირექტორი ფიქრობს, რომ ზაზა ოქუაშვილი „ქართული ოცნების“ საქმეს აკეთებს და მძიმე სასამართლო დავა არ გამორიცხავს მის თანამშრომლობას ივანიშვილთან, არამედ პირიქით - „სწორედ ამ დავაში შეთანხმების მისაღწევად ოქუაშვილს ძალიან სჭირდება „მთავარი არხით“ მანიპულირება“.
„მთავარი არხი“ - ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია - ნიკა გვარამიამ 2019 წლის სექტემბერში დააფუძნა მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადავიდა. 2020 წელს „მთავარი არხის“ წილის 40% ზაზა ოქუშვილის მიერ დაფუძნებულმა კომპანიებმა შეიძინეს. 2024 წლის თებერვალში, ნიკა გვარამიამ 12%-იანი წილი მეუღლეს, სოფიო ლილუაშვილს გადაუფორმა და ტელეკომპანის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. მას შემდეგ მან პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“ დააფუძნა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ შემადგენლობაში საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.