ნიკა გვარამია „მთავარ არხში“ თანამდებობას ტოვებს, 12%-იან წილს კი მეუღლეს გადასცემს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი და ერთ-ერთი მფლობელი ნიკა გვარამია ტელეკომპანიაში თანამდებობას და 12%-იან წილს თმობს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ნიკა გვარამიას თქმით, გენერალური დირექტორის მოვალეობას ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ ასრულებდა, კომპანიაში წილის ფლობა კი შეუთავსებელია პარტიულ თანამდებობასთან, რომელსაც უახლოეს დღეებში დაიკავებს.

„კანონის მოთხოვნა დავიცავი და წილი ჩემს სოფოს გადავუფორმე. წარმატებები „მთავარს“, დანარჩენზე - შემდეგ კვირაში“, - დაწერა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში.

საჯარო რეესტრში 27 თებერვალს წარდგენილი „მთავარი არხის“ პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, ნიკა გვარამია საკუთარ წილს უსასყიდლოდ გადასცემს ცოლს, სოფიო ლილუაშვილს.

კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას მიერ წარდგენილი გიორგი გაბუნია გახდება. „მთავარ არხს“ ასევე ეყოლება ორი დირექტორი - გიორგი ქურდაძე და მანუჩარ ახალაია. ისინი ამ თანამდებობაზე კომპანიის ყველაზე მსხვილმა მეწილეებმა, ბაკურ ჯახაიამ და BGIM LTD-მ წარადგინეს. გიორგი ქურდაძე შპს „ტელე-რადიო კომპანია ბორჯომის“ კაპიტალში 35%-იანი წილის მესაკუთრეა.

გარდა ამისა, „მთავარი არხის“ ორი მეწილე - მაგული ხარებავა და ნათია ჯოგიაშვილი თავიანთ 0.2-0.2%-იან წილებს BGIM LTD-ს გადასცემენ.

საჯარო რეესტრის მიერ ცვლილებების დარეგისტრირების შემდეგ „მთავარი არხის“ წილები ასე განაწილდება: BGIM LTD - 39.6% , ბაკურ ჯახაია - 37%, სოფიო ლილუაშვილი - 12%, გიორგი რურუა - 2.5%, ნიკოლოზ სისაური - 3%, შპს „საქართველოს უნივერსიტეტი“ - 2%, შპს „ომეგა მოტორ ჯგუფი“ - 0.2%, შპს „ომეგა მოტორს თბილისი“ - 0.2%, თეიმურაზ ვასილიძე - 1%, მარი ანნა რურუა - 2.5%.

„მთავარი არხი“ ნიკა გვარამიამ 2019 წელს დააფუძნა. მანამდე ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. 2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, რის შემდეგაც ტელეკომპანიის მაშინდელმა მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს და საქართველოს სახელმწიფოსთვის ამ გადაწყვეტილების აღსრულების აკრძალვა მოითხოვეს. მომჩივანი მხარე აცხადებდა, რომ ქართულ სასამართლოებში დავის განხილვის დროს მათი უფლებები დაირღვა. ევროპულმა სასამართლომ 2017 წლის მარტში დროებითი ღონისძიება გამოიყენა, რითიც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა. 2019 წლის ივლისში ევროსასამართლომ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. შედეგად, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადავიდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).