მთავრობამ რუსეთთან დაკავშირებულ პირებს ქვემო სვანეთში ჰესის მშენებლობის ნებართვა მისცა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსეთთან, კერძოდ კი რუსულ სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაოს“-თან მჭიდროდ დაკავშირებულ პირებს, საქართველოს მთავრობამ ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22,74 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის „ცხენისწყალი 1 ჰესის“ მშენებლობაზე დადებითი გადაწყვეტილება მისცა. ბრძანება 10 თებერვალს არის გამოცემული. პროექტით დაგეგმილია მდინარე ზესხოს და ცხენისწყლის გადაკვეთიდან, რუსეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით თითქმის 8 კილომეტრი სიგრძის ახალი გზის გაყვანა, რომლის სიგანეც 9 მეტრი იქნება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, „ცხენისწყალი 1 ჰესი“ წლის განმავლობაში დაახლოებით 96,2 გვტ-სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. სათავე ნაგებობიდან ჰესის შენობამდე წყლის მისაწოდებლად მდინარე ცხენისწყალს 7,7 კილომეტრზე სადაწნეო მილსადენშია მოაქცევენ. მილსადენის დიამეტრი 2 მეტრზე მეტია. პროექტის ღირებულება 21 მილიონი აშშ დოლარია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ფიცხელაური თავის ბრძანებაში, რომლითაც რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ პირებს საზღვრისპირა რეგიონში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება მისცა, ახალი, 8 კილომეტრიანი გზის გაჭრას ასე ასაბუთებს: „მდინარე ცხენისწყლის ხეობაში, ჰესის სათავე ნაგებობის განთავსების ადგილამდე საავტომობილო გადაადგილება შეუძლებელია. ტერიტორიამდე მისვლა შესაძლებელია მხოლოდ საფეხმავლო ბილიკებით, შესაბამისად ახალი გზის გაყვანა, რომელიც მიუყვება დაგეგმილი სადერივაციო-სადაწნეო მილსადენის დერეფანს, ძირითადად მოხდება ბულდოზერის და ექსკავატორების საშუალებით“.

გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „ცხენისწყალი 1 ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა 2022 წლის 4 ოქტომბერს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გაიმართა, განხილვას ესწრებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებიც და პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოუთქვამთ.

„ცხენისწყალი 1 ჰესის“ მშენებლობას შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“ აპირებს. კომპანია 2021 წლის 25 მარტს არის რეგისტრირებული. საწარმოს 50 % წილის მესაკუთრე, ამ კომპანიაზე ორი დღით ადრე დაფუძნებული, თითქმის იგივე დასახელების შპს „ჰაიდრო ინვესტია“, დანარჩენი 50 % კი სომხეთის მოქალაქეს კარენ ჰარუტუნიანს ეკუთვნის.

შპს „ჰაიდრო ინვესტში“ წილის 85 %-ს საქართველოს მოქალაქე ზურაბ გელენიძე ფლობს. იგი სააქციო საზოგადოება „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის მოადგილეა. „თელასი“, რომელიც თბილისში ელექტროენერგიის გამანაწილებელი ერთადერთი კომპანიაა, რუსული „ინტერ რაოს“ საკუთრებაშია (აქციების 75 %). „ინტერ რაოს“ მთავარი აქციონერია რუსული სახელმწიფო კომპანია „როსნეფტეგაზი“ (27.63 %). აქციების 8.57 % ეკუთვნის „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური ქსელის კომპანიას“ (ФСК ЕЭС), რომლის 80 %-საც რუსული კომპანია „როსსეტი“ ფლობს. თავის მხრივ „როსსეტის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი „როსნეფტეგაზია“. „ინტერ რაო კაპიტალის“ წილი 29.56 %-ს შეადგენს.

„ინტერ რაოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა ბორის კოვალჩუკი. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის გამო, კოვალჩუკი 2022 წლის 11 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ სანქცირებულთა სიაშია.

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა დმიტრი შუგაევი, რომელიც ამავე დროს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორია. 2022 წლის 12 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შუგაევიც სანქცირებულია, როგორც რუსეთის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანი. შუგაევი სანქცირებულია ავსტრალიის და დიდი ბრიტანეთის მთავრობების მიერაც. „ინტერ რაოს“ დირექტორთა საბჭოს არა-აღმასრულებელი თავმჯდომარეა იგორ სეჩინი - რუსი ოლიგარქი, ყოფილი სახელმწიფო მაღალჩინოსანი, რუსეთის ნავთობისა და გაზის კომპანია „როსნეფტის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. 2022 წლის 24 თებერვალს ისიც მოხვდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ სანქცირებულთა სიაში, 10 მარტს კი ფინანსური სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც.

რაც შეეხება „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეიში“ წილის 50 %-ის მფლობელს კარენ ჰარუტუნიანს, იგი „სომხეთის ელექტროქსელების“ გენერალური დირექტორია. 2006 წლიდან, „სომხეთის ელექტროქსელებიც“ რუსულ „ინტერ რაოს“ ეკუთვნოდა. 2015 წელს, ერევანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რაც „ინტერ რაოს“ მიერ ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდას მოჰყვა, „ინტერ რაოსა“ და კომპანიების ჯგუფ „ტაშირს“ შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებას, სომხეთის ელექტროენერგეტიკული აქტივების შესყიდვის შესახებ. „ტაშირისთვის“ „სომხეთის ელექტროქსელების“ გადაცემა, მაშინ, ერევანში დადებითად შეფასდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ სომხეთის ენერგეტიკა რუსული გავლენისგან გარკვეულწილად გათავისუფლდა, თუმცა ექსპერტები იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ეს „რუსული პროექტი“ იყო და რუსეთი თავის გავლენას არ კარგავდა.

„ტაშირი“ აერთიანებს 200-ზე მეტ კომპანიას რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. „ტაშირის“ პრეზიდენტია სამველ კარაპეტიანი. იგი სომხეთის ქალაქ ტაშირში, 1965 წელს დაიბადა, 1990-იან წლებში კი რუსეთში გადავიდა და ქალაქ კალუგაში დასახლდა. 1999 წელს დააფუძნა კომპანია „ტაშირი“, რომელიც 20 წლის განმავლობაში ფედერალური მნიშვნელობის უმსხვილეს ჯგუფად გადაიქცა.  ამჟამად „სომხეთის ელექტროქსელების“ 70 %-ს „ტაშირ კაპიტალი“ (Tashir Capital) ფლობს, ხოლო 30 %-ს კვიპროსში, 2010 წელს დაფუძნებული Liormand Holdings Limited-ი. ეს კომპანიაც სამველ კარაპეტიანს და მის ოჯახს ეკუთვნის.

2022 წლის 15 აპრილს, შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, კარენ ჰარუტუნიანმა, საკუთარი წილის 50 %-დან, ჯამში 33.2 % უსასყიდლოდ დაუთმო სომხეთის მოქალაქეებს, თავის შვილებს 1993 წელს დაბადებულ არა და 1994 წელს დაბადებულ აიკ დარბინიანებს.

შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ლენტეხის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობაზე ითხოვს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას. მდინარე ზესხოსა და ყორულდაშზე 20.3 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (ზესხო - 1 ჰესის) ასაშენებლად, ზესხოს 3.1 კილომეტრზე მოაქცევენ ლითონის მილსადენში, ხოლო ყორულდაშს 5.3 კილომეტრზე. პროექტის ღირებულება 9 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. სკოპინგის დასკვნა უკვე გაცემულია.

 

ამ თემაზე:

რუსეთი საქართველოს ენერგეტიკაში და ახალი ჰესები „ინტერ რაოს“ საფარქვეშ

104 ათასი ჰექტარი ტყე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში, 49 წლით, სანქცირებული რუსი ოლიგარქის პარტნიორს

კორუფცია შოვის ბაკურიანიზაციისთვის და გაზრდილი რუსული საფრთხე მამისონთან

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).