მოსამართლე ნინო სახელაშვილი დამოუკიდებელი ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 6 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა მზია ამაღლობელის საბოლოო სიტყვით დასრულდა. სხდომა დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც მზია ამაღლობელი უკან, რუსთავში, ქალთა ციხეში უნდა დააბრუნონ.
მზია ამაღლობელმა თქვა, რომ განაჩენი, რომელიც დადგება იქნება არა მხოლოდ მისი სასჯელი, არამედ პროკურორებისაც, ვინც მის საქმეში იყო ჩართული.
„იქ, სადაც 7 თვეა ვიმყოფები, საპროცესო შეთანხმება გამოსავალია. ჩემს საკანში ისმის ბავშვის ხმა - „დედა მენატრები“. როცა გავიგე, რომ მის მშობელთან საპროცესო გარიგებას აწარმოებდნენ, ძალიან გამიხარდა.
ჩემთვის პირიქითაა. შემოთავაზებაც კი სიკვდილივითაა. ადვოკატებმა უკვე თქვეს, რომ არა და ვერ მოვაწერ ხელს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა და სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა და შეფუთვა ბოროტებაა. ეს რა სამართალია, არ ვიცი. შვიდი თვეა ამაზე ვფიქრობ.
ჩემი დაკავების პირველივე დღიდან ამ სასამართლო სხდომათა დარბაზში მკაფიოდ დამიფიქსირებია და ახლაც ვიმეორებ - პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით დგებუაძისგან. მგონია, რომ კანონში წერია სილის გაწვნის ადეკვატური მუხლი“, - განაცხადა მზია ამაღლობელმა.
მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება მიუკერძოებლად რომ ჩატარებულიყო და პოლიციას არ გაეტარებინა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ინტერესები, რომელიც მას „სისხლით დაჭერით“ დაემუქრა, საქმე სასამართლოში სხვა სახით შევიდოდა.
საბოლოო სიტყვის წარმოთქმამდე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სასამართლოს წარუდგინა ბოლო კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, პატიმრის მხედველობა კიდევ უფრო გაუარესებულია.
„ახლა მას ორივე თვალზე აქვს კერატოკონუსი. ერთ თვალში პრაქტიკულად არ არის მხედველობა და მეორე თვალში, სათვალის შემთხვევაში, მხოლოდ 30%-დეა გაუმჯობესება შესაძლებელი“, - განაცხადა მწარიაშვილმა.
დასკვნითი სხდომა სასამართლოსთან აქციის ფონზე გაიმართა. ისმოდა შეძახილები „თავისუფლება მზიას“.
„ძალიან მძიმე დღეა. საზოგადოებას დასცინიან, მზიას ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ - ეს წასვლა-წამოსვლა, რაც ძალიან რთულია და რთულია, ცხადია, ფსიქოლოგიურად, როდესაც ელოდები, რომ დღეს იქნება განაჩენი და კიდევ გადაიდო, როცა სრულიად საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ [მოსამართლეს] შეესწავლა, რაც საჭირო იყო ბოლომდე, შაბათ-კვირა იყო. რა საჭიროა, კიდევ გადადება?! პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, მე ვაკვირდები ფაქტებს და ფაქტია, რომ ეს არის არასაჭირო შეურაცხყოფა კიდევ, არასაჭირო უსამართლობა და არასაჭირო ადამიანის ტანჯვა“, - განაცხადა მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც დღევანდელ სხდომასაც დაესწრო.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას ბრალდება სისხლის სასამართლის წესით წარუდგინეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“. დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.
პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.
ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო.
