საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში დატოვების გამო, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და საგანგებო რეჟიმზე გადადის. პარტიის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მოსვენება აღარ ექნება „ქართული ოცნების“ არცერთი მაღალი თანამდებობის პირს, საპროტესტო ცენტრი კი თბილისი იქნება. პარტია 7 თებერვალს, 17:00 საათზე საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გამართავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას, აღარ აპირებს არანაირ განხილვებში მონაწილეობას და რაღაც თამაშებში შეჰყვეს „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს არ შეექმნას საფრთხე. ჩვენმა პარტნიორებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ იძულებული ვართ ასე მოვიქცეთ იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ არის“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა მანდატების დატოვებას - პარლამენტის წევრობაზე უარის თქმას, ხაბეიშვილმა თქვა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან გაივლიან.
პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, „ყოველდღიური პროტესტი და სახალხო მღელვარება იქნება“ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელ განჩინებაზე პასუხი.
„ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, შეასრულოს პუტინის დავალება და პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული და ეს ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვროს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საგანგებო რეჟიმზე. მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რაიონული, საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებს, წევრებს, ყველას ველოდებით დედაქალაქში. მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი. მათთან ერთად დაიგეგმება აქტივობები რეგიონებში.
ყველგან მოგაკითხავთ ის ადამიანები, ვისაც ჩაგრავთ და უკლავთ ევროპულ მომავალს. დაიმახსოვრეთ, დამთავრდა თქვენი მშვიდობიანი, უზრუნველი ცხოვრება. ყველგან შეგექმნებათ პრობლემა“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
„დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო საგანგაშო ხდება. ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი, პოლიტიკური ჯგუფების მაქსიმალური კონსოლიდაცია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა, სიმართლე ვთქვათ, კონსოლიდაცია არ არის ადვილი იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენს [„ნაციონალური მოძრაობის“] თავს მოხდა უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში. პარტიის შიგნით ყველამ ძალამ უნდა ვიპოვოთ, პირველ რიგში, ძალა საკუთარ თავში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იდეური დაპირისპირება, რომელიც ძალაში რჩება, განზე უნდა გადავდოთ და მიხეილ სააკაშილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი უნდა ვიღონოთ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.
6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების თაობაზე. სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. ცენტრ „ემპათიის“ და საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნის მიხედვით, დაპატიმრების წინ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად კი მოსალოდნელია კომა და სიკვდილი. ექსპერტების შეფასებით, დიაგნოსტიკა-მკურნალობის მიზნით სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას აშშ-ის ან/და ევროკავშირის მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო მესამე კლასის კლინიკაში.