სახელმწიფო კომპანია „კორეის წყლის რესურსების კორპორაციის“ (K-water) კუთვნილი თანხის, 850 მილიონი სამხრეთ კორეული ვონის (დაახლოებით 637 000 აშშ დოლარის) მითვისების ბრალდებით, სვანეთში ნენსკრა ჰესის მშენებელი სს „ნენსკრა ჰიდროს“ თანამშრომელი დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
გამოცემა The Korea Times K-water-ზე დაყრდნობით წერს, რომ სააქციო საზოგადოება „ნენსკრა ჰიდროში“ მივლენილმა პირმა, რომელიც კომპანიის ანგარიშებიდან თანხის მოხსნის პროცედურებზე იყო პასუხისმგებელი, 9-დან 16 იანვრის პერიოდში დაახლოებით 637 000 დოლარი მიითვისა. პოლიციამ ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს დატოვებამდე დააკავა.
ბრალდებული მამაკაცი თანხას ერთი კვირის განმავლობაში, საკუთარ საბანკო ანგარიშზე მცირე ოდენობებით რიცხავდა, იცოდა რა, რომ 2 მილიონ ვონზე (დაახლოებით 1500 დოლარზე) ნაკლების გადარიცხვის დროს, ბანკი K-water-ს შეტყობინებას არ გაუგზავნიდა. მომხდარი მას შემდეგ გაირკვა, რაც თანამშრომელი წინასწარი გართხილების გარეშე სამსახურში არ გამოცხადდა და მისი ადგილსამყოფელის დადგენა დაიწყო. „ნენსკრა ჰიდრომ“ კორეაში მისი ქონების დასაყადაღებლად ზომები მიიღო.
The Korea Times-ის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც K-water-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა თანამშრომელმა მიითვისა. მსგავსი რამ მოხდა რამდენიმე წლის წინაც, როცა ერთ-ერთი პროექტის ბუღალტერმა, 2014-2020 წლებში, კომპანიის ანგარიშებიდან 6.4 მილიონი დოლარი მოიპარა. დანაშაული შიდა აუდიტმა გამოავლინა, რის შემდეგაც K-water-მა გარკვეული ზომები მიიღო, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა „ნენსკრა ჰიდროში“ მომხდარი ბოლო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.
სამხრეთ კორეის სახელმწიფო კომპანია K-water-ი სვანეთში, მდინარეების ნენსკრის და ნაკრის ხეობების ზედა ნაწილში, 280 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტოსადგურისა და კაშხლის მშენებლობაზეა პასუხისმგებელი. სს „ნენსკრა ჰიდრო“ 2015 წელს, პროექტის მშენებლობის მიზნით, K-water-მა (90%) და საქართველოს მთავრობის „საპარტნიორო ფონდმა“ (10%) დააფუძნეს.
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ-ით განისაზღვრა. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ. აშშ დოლარს აღემატება. მისი მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ჭუბერის თემის წინააღმდეგობის გამო, პროექტი გაჩერებულია. 2022 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დიდი ჰესები, მათ შორის, ნენსკრაც, სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა აშენდეს.
უფრო ადრე, 2020 წელს გამოქვეყნდა პროექტის დამფინანსებლების - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) შესაბამისი ორგანოების დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნენსკრა ჰესი ბანკების სტანდარტებს არ შეესაბამება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორებიცაა: ძირძველი მოსახლეობის უფლებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პროექტის ალტერნატივების შესწავლა, გენდერული საკითხები, ინფორმაციის გამჭვირვალობა, ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელთა კომპეტენცია.
