ე.წ. საბოტაჟის საქმეზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა, ჩამოერთვა პასპორტი და პირადობის მოწმობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ მახარობლიძის გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომა დაიხურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 2 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 3 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
„ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზე იმყოფება, თან არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი, მარტო მუხლი ვიცით, რა ქმედებებში გამოიხატებოდა არ ვიცით. რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებამ უნდა გაიგოს, კიდევ დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომელმაც 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ციხე ახლახანს დატოვა.
გვარამიას გარდა, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
„მოსამართლემ როგორც განგვიმარტა, სხდომის დახურვის მიზეზი იყო ის, რომ დარბაზში იყო ხმაური, იცინოდნენ და არასერიოზულად უყურებდნენ სასამართლო პროცესს. მეც ვიცინოდი და ყველა იცინოდა იმიტომ, რომ შეუძლებელია არ გაგეცინოს იმ პროცესზე, რაც დარბაზში ხდება“, - აღნიშნა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილება მოითხოვა იმ არგუმენტით, რომ თამარ მახარობლიძე ნეიტრალური მსაჯული ვერ იქნება, თუმცა, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. გიორგი ვაშაძის ადვოკატის, ომარ ფურცელაძის განმარტებით, მახარობლიძე საჯარო განცხადებებში „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ავლენდა, სააკაშვილსა და გვარამიას დამნაშავეებს უწოდებდა და საგამოძიებო ორგანოებს მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისკენ მოუწოდებდა.
„დღეს ეს ადამიანი უკვე მოსამართლის ამპლუაშია წარმოდგენილი და იმავე ადამიანების მიმართ, ვისაც ასე მოიხსენიებდა, საქმე უნდა განიხილოს მიუკერძოებლად და ობიექტურად. როგორც თვითონ ამბობს, ამაში ძალიან ეხმარება მოსამართლის ფიცი, რომელიც წელიწადისა და ერთი თვის წინ დადო და ის აღარ არის ის თამარ მახარობლიძე, რომელიც მანამდე ოპოზიციის მოძულე იყო“, - განაცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.
ნიკა გვარამიას და კიდევ 7 ოპოზიციონერ ლიდერს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდება 2025 წლის ნოემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვარამია, სხვა ბრალდებულებთან ერთად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს „რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ“. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
იგივე ბრალდება აქვს წარდგენილი ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ხოლო გიორგი ვაშაძეს, ელენე ხოშტარიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებასაც ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, პროკურატურამ მესამე პრეზიდენტს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარუდგინა, რაც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს და 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
