ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჭვრინისში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ადგილობრივ მკვიდრებს, მევლუდ ხარაზიშვილს და ელზა გოგალაძეს თავს დაესხნენ და მათი გატაცება სცადეს. ცოლ-ქმარი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა. ოკუპანტებმა 53 წლის მევლუდ ხარაზიშვილს წიხლებითა და იარაღის კონდახით სცემეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
ადგილობრივების ინფორმაციით, თავდასხმა 21 აპრილს, შუადღეს მოხდა. ნაცემი მამაკაცის მეუღლემ ჟურნალისტებს მომხდარის შესახებ უამბო: „როდესაც სოფლის საქონელს ვაძოვებდით, ორი რუსი ოკუპანტი დაგვესხა თავს. ჩვენი გატაცება სცადეს, მაგრამ დავძლიეთ, გამოვიქეცით, საკმაოდ დიდი მანძილი ვირბინეთ. ამის შემდეგ ჩემი მეუღლე დაიჭირეს, წააქციეს და ცდილობდნენ, რომ ხელები გაეკოჭათ, ფეხებთანაც ორჯერ დაგვახალეს. ვყვიროდი, რომ ჩვენს მეზობლებს ეშველათ. მართლაც გაიგეს ხმა და გამოვიდნენ, მაგრამ ახლოს ვერ მოვიდნენ, ვერავინ მოგვეშველა. ამასობაში ჩვენი პოლიციაც გამოჩნდა და მათ დანახვაზე ორივე გაიქცა. ჩემს მეუღლეს კონდახი აქვს ჩარტყმული, წარბი აქვს გახეთქილი, თავი აწუხებს“.
დღეს მევლუდ ხარაზიშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ჭვრინისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.
„მდგომარეობა ყველანაირად გართულებულია. საერთოდ აღარ შეიძლება ამ სოფელში ცხოვრება, არანაირი პირობები არ არის. ხშირად გადმოდიან [ოკუპანტები]. როცა უნდათ, მაშინ გადმოვლენ, წინ ვინ დაუდგებათ? ტრაფარეტი ჰქონდათ და ისიც აღარ არის, ვეღარ ვხვდებით, რა მანძილზე უნდა მივიდეთ და რა მანძილზე მოვშორდეთ“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
21 აპრილს საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში მათზე თავდასხმის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი. სუს-ი აცხადებს, რომ ცენტრალური ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს „მკაცრად დააყენებს“ ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 27 აპრილს გაიმართება.
17 აპრილს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის რეჟიმის დარღვევის ბრალდებით ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მკვიდრი, 32 წლის დიმიტრი მამაგლულაშვილი დააკავეს. საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორიდან 20 აპრილს გაათავისუფლეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტში განაცხადეს, რომ სასამართლომ მამაგულაშვილი დამნაშავედ ცნო სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის და ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შემდეგ, ის „რესპუბლიკიდან“ გაძევებული იქნა.