ოკუპირებულ გალში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. უბედური შემთხვევა 5 იანვარს, დილით, ჭოლარიების მრავალშვილიან ოჯახში მოხდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც ადგილობრივი მედია წერს, წინასწარი ინფორმაციით, ბავშვების ბებიას ღუმელის ანთების დროს ნავთი ბენზინში აერია, ცეცხლმა სახლი მომენტალურად მოიცვა, ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გალის დე ფაქტო გამგებელმა, კონსტანტინ ფილიამ განაცხადა, რომ დაღუპულთაგან ყველაზე პატარა ოთხი თვის იყო.

ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ლევ კვიცინიას თქმით, შემთხვევის დროს ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. „გოგონების დედა საავადმყოფოში იწვა, მამა მოსანახულებლად იყო წასული“, - უთხრა კვიცინიამ გამოცემა „აფსნიპრესს“.

ოკუპირებულ აფხაზეთში 6 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საბეიროში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების, უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე გამოწვევებს. იოსელიანის თქმით, ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას საქართველოს არაერთი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

„საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთარსებული მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

სამძიმრის წერილი გაავრცელა საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც. „წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას“, - ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.

მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. „არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს. ვიზიარებ ოჯახის და მათი ახლობლების მწუხარებას“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში.

დეკემბერში ოკუპირებული აფხაზეთი მძიმე ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ნოემბერში გამართულ საპროტესტო აქციებს რუსეთთან გაფორმებულ საინვესტიციო შეთანმხებაზე უარის თქმა მოჰყვა, მოსკოვმა სოხუმს დაფინანსება ნაწილობრივ შეუწყვიტა და ელექტროენერგიის კომერციულ ფასებში ყიდვა მოსთხოვა. 11 დეკემბრიდან ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგია დღის განმავლობაში ორჯერ, 80-80 წუთით მიეწოდებოდა. უდენობის გამო დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები, ხოლო საავადმყოფოები გენერატორებით მუშაობდნენ. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ნავთზე მომუშავე ღუმელების გამოყენება დაიწყო. 23 დეკემბერს რუსეთმა დააკმაყოფილა დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრა გუნბას მიმართვა ელექტროენერგიის სოციალურ მიწოდებაზე, რის შემდეგაც მოსახლეობას დენი 4 საათით უწყდება. ე.წ. ჰუმანიტარული მიწოდება, სავარაუდოდ, იანვარსა და თებერვალში გაგრძელდება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.