რუსეთმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ დღეს, 23 დეკემბერს, ეგრედ წოდებულ ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს. ოკუპირებულ რეგიონი დღე-ღამეში ოთხსაათიანი გათიშვის გრაფიკს უბრუნდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 6 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
კომპანია „ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორის, თემურ ჯინჯოლიას განმარტებით, რუსეთიდან ელექტროენერგიის „სოციალური გადადინება“ იანვარში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთმა მიწოდება ვადაზე ადრე, 23 დეკემბრის 00:00 საათიდან დაიწყო.
„სავარაუდოდ, ეს არის 327 მლნ კვტ/სთ სოციალური პაკეტი“, - განაცხადა ჯინჯოლიამ და განმარტა, რომ ელექტროენერგიის დამტკიცებული რაოდენობა იანვარსა და თებერვალში, ოთხსაათიანი გათიშვის გრაფიკის პირობებში, საკმარისი იქნება.
თემურ ჯინჯოლიას თქმით, უკანონო მაინინგის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება. მან მოსახლეობას მოუწოდა, შეძლებისდაგვარად დაზოგონ ელექტროენერგია და დროულად გადაიხადონ მოხმარებული დენის საფასური.
აფხაზეთი წლის განმავლობაში „ენგურჰერსის“ მიერ გამომუშავებული ელექტოენერგიის 40%-ს იღებს. ჯვრის წყალსაცავში წყლის დონის შემცირების გამო, დეფიციტი ყოველი წლის ბოლოს იქმნება.
წელს, დეფიციტის შესავსებად დე ფაქტო ხელისუფლებამ ელექტროენერგიის რუსეთიდან, კომერციულ ფასად შეძენა, 1-ელ ნოემბერს დაიწყო. პარალელურად, დენის მიწოდებაზე 4-საათიანი შეზღუდვა ამოქმედდა.
11 დეკემბერს „ენგურჰესი“ ავარიულად გაითიშა, რაც კომპანია „ჩერნომორენერგომ“ წყალსაცავში წყლის კრიტიკული დონითა და წყლის არასაკმარის შემოდინებით ახსნა. მას შემდეგ ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას დენი დღის განმავლობაში, 07:00-დან 21:00-მდე, ჯამში, დაახლოებით 3 საათით ჰქონდა. რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება 21:00-დან 07:00 საათამდე უწყვეტად ხდებოდა, ვინაიდან დე ფაქტო ხელისუფლებას ღამის ნაკადი ორჯერ უფრო იაფი უჯდება, ვიდრე დღის.
ელექტროენერგიის უქონლობის გამო დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები, ხოლო საავადმყოფოები გენერატორებით მუშაობდნენ.
21 დეკემბერს, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ რუსეთის ფედერაციას, „მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორს“, ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდების თაობაზე მიმართა. გუნბას განცხადებით, დენის დღეში 9-11 საათით გათიშვა ძირს უთხრის ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის დამხმარე ობიექტების ფუნქციონირებას, რასთან გამკლავებასაც მოკლევადიან პერსპექტივაში აფხაზეთი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს. ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, აფხაზეთს ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრებოდა.
აფხაზეთში ენერგოკრიზისის გამწვავება დაემთხვა ნოემბერის საპროტესტო აქციებს, რის შედეგადაც დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთთან გაფორმებული საინვესტიციო შეთანმხების რატიფიცირებაზე უარი თქვა, პრეზიდენტ ასლან ბჟანიას კი გადადგომა მოუწია.
წინა წლებში, დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან შეთანხმებას ახერხებდა და ელექტროენერგიის მიწოდების საფასური რუსეთის ბიუჯეტიდან იფარებოდა.