უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა საქართველოში 21 326 კომპანია დააფუძნეს, რაც 3-ჯერ აღემატება წინა 27 წლის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 1995 წლიდან 2022 წლის თებერვლამდე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში სულ 7788 კომპანია დააფუძნეს, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი თვეში საშუალოდ 1300 კომპანიას არეგისტრირებენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდის შესახებ წერდა. რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ტრადიციულად ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩეოდა. 2022 წელს რუსეთში ღვინის ექსპორტი 23%-ით გაიზარდა და 161 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთის ბაზარს საქართველოს ღვინის ექსპორტში 64% ეჭირა, რაც 2013 წლიდან, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
2022 წელს რუსეთიდან იმპორტი 79%-ით გაიზარდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამურ იმპორტში 13.1% იყო, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია. ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი გაიზარდა და მისმა წილმა იმპორტში 51% შეადგინა. 45%-ით გაიზარდა კვების პროდუქტების იმპორტი.
გასულ წელს კვლავ მაღალი იყო საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალსა და ფქვილზე. 2022 წელს რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოს ხორბლის და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში 97% იყო.
2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა - სულ 1.1 მლნ ვიზიტორი შემოვიდა. რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო.
გასულ წელს რუსეთის მოქალაქეებმა ქართულ ბანკებში 60 ათასზე მეტი ანგარიში გახსნეს, ხოლო მათ მიერ მიმდინარე ანგარიშებზე და დეპოზიტებზე განთავსებული თანხის მოცულობა 2021 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და 2.8 მლრდ ლარს მიაღწია. რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 5-ჯერ გაიზარდა და 2.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, 2022 წლის 1-ელი მარტიდან 2023 წლის 26 აპრილამდე, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში ჯამში 474 649 კვ.მ. მიწა შეიძინეს. რუსეთის მოქალაქეთა საკუთრებაში დარეგისტრირებული შენობა-ნაგებობის გარეშე მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი 265 049 კვ.მ-ია, ხოლო შენობა-ნაგებობებიანი მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი - 209 600 კვ.მ. რუსეთის მოქალაქეთა საკუთრებაში დარეგისტრირებული საცხოვრებელი ბინების ჯამურმა ფართობმა 424 449.823 კვ.მ. შეადგინა.