დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, 2022 წლის 1-ელი მარტიდან 2023 წლის 26 აპრილამდე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა საქართველოში ჯამში 474 649 კვ.მ. მიწა შეიძინეს. ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პარლამენტის წევრს, თამარ კორძაიას მიაწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
რუსეთის მოქალაქეთა საკუთრებაში დარეგისტრირებული შენობა-ნაგებობის გარეშე მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი 265 049 კვ.მ-ია, ხოლო შენობა-ნაგებობებიანი მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი - 209 600 კვ.მ. რუსეთის მოქალაქეთა საკუთრებაში დარეგისტრირებული საცხოვრებელი ბინების ჯამურმა ფართობმა 424 449.823 კვ.მ. შეადგინა.
საქართველოს მასშტაბით, ექვს თვეში, 2022 წლის 13 ოქტომბრიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდისთვის:
- რუსეთის ფედერაციის 3878 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 4745 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე.
- 543 მიწის ნაკვეთზე, რომელზეც არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა, დარეგისტრირდა 404 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი შეადგენს 104 098 კვ.მ-ს;
- 886 მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, დარეგისტრირდა 829 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი შეადგენს 118 213 კვ.მ-ს;
- ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის 8872 მოქალაქე;
- წილის მესაკუთრის ან/და დამფუძნებლის სახით რუსეთის ფედერაციის 889 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 646 იურიდიულ პირში (შპს, კს, სპს, კოოპერატივი, ააიპ);
თამარ კორძაიამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ეს სტატისტიკა საკმაოდ დიდია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა.
„ეს ყველაფერი ხდებოდა მანამდე, ვიდრე რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი აღდგებოდა. რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოდიან, აწარმოებენ ბიზნესს, ყიდულობენ უძრავ ქონებას. პოლიტიკურად რაში გვჭირდებოდა პირდაპირი ფრენების აღდგენა თუნდაც იმ ეკონომიკური გაძლიერებისთვის, რაზეც დღეს ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, თუ არა ის, რომ ევროპისთვის ჩვენი ცუდი დამოკიდებულება გვეჩვენებინა და გვეჩვენებინა, რომ ჩვენ არ ვართ მაინცდამაინც მათი პარტნიორები?
რატომ ვივიწყებთ, რას აკეთებს ევროპა ჩვენთვის, რა გაუკეთებია და დღემდე რა ხარისხის მხარდაჭერას ავლენს საქართველოსთან მიმართებაში? ის, რომ ჩვენთან მშვიდობაა, ეს ევროპის დამსახურებაცაა. არ არის სწორი იმის შედარება, რა სარგებელს იღებს ევროკავშირი და რა სარგებელს იღებს საქართველო და მანიპულაცია ადამიანების სიღარიბით მაშინ, როდესაც რუსეთის მოქალაქეები უკრაინის მოქალაქეებს კლავენ.
არავინ გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ამოვწყდეთ ენერგორესურსების გარეშე. ჩვენ გვეუბნებიან, რომ მინიმალური სტანდარტი მაინც დავიცვათ და ნუ გავაკეთებთ იმაზე მეტს, რაც ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება. პირდაპირი ფრენების აღდგენა ნამდვილად არაფერში გვჭირდებოდა, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად დაზიანდა ჩვენი ქვეყანა“, - თქვა კორძაიამ.
თამარ კორძაიამ შემოსავლების სამსახურისგან ასევე მოითხოვა ინფორმაცია ყველა იმ იურიდიული პირის შესახებ, რომლებსაც საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში პროდუქცია გააქვთ, ექსპორტირებული საქონლის მითითებით. სახელმწიფო უწყებამ დეპუტატის ეს მიმართვა არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია საბაჟო საიდუმლოებას წარმოადგენს.
„არ შეიძლება პარლამენტის წევრს თუნდაც ამ ტიპის ინფორმაციას არ გვაცნობდნენ. მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია და დავიცავთ მის საიდუმლოებას, რადგან ეს არის ჩვენი, მაკონტროლებლის ფუნქცია“, - აღნიშნა დეპუტატმა.
იუსტიციის სამინისტროს მიერ, 2023 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტის წევრის პაატა მანჯგალაძისთვის მიწოდებული მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 3297 მოქალაქეს მიენიჭა.